Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთს მორიგი მატჩი მოუგო (24 თამაშში 22-ედ და ზედიზედ მე-19-ედ), თუმცა, მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში ვერაფრით იხეირა. “ბორჯღალოსნები” “დათვებს” კლასიფიკაციაში იმდენად უსწრებენ, რომ თბილისში მოპოვებული გამარჯვებით ქულები ვერ შეიმატეს და შესაბამისად, არც წინსვლა განუცდიათ.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებს კლასიფიკაციაში 72.18 ქულა შერჩა და კვლავაც მე-12 ადგილი უკავია. “ბორჯღალოსნების” უახლოესი სამიზნე ფიჯია (76.87), კვალში კი ჩვენებს ტონგა (71.44) და იტალია (70.88) უდგანან, რომელმაც 6 ერზე მიჯრით 28-ე მარცხი (10:50 საფრანგეთთან) განიცადა და სარაგბო სამყაროსგან კრიტიკის მორიგი ულუფა მიიღო.

6 ერის სასტარტო ტური მძიმე გამოდგა ინგლისელებისთვისაც, რომელთაც შინ შოტლანდიასთან 1983 წლის შემდეგ პირველად წააგეს (6:11) და ამან რეიტინგშიც აზარალათ. ედი ჯონსის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა 2.0 ქულა მოისაკლისა და მე-2 ადგილი ახალ ზელანდიას გადაულოცა, რომელიც უთამაშებლად აღზევდა, ლიდერი კი კვლავაც სამხრეთ აფრიკაა (94.20 ქულა). 6 ერს უკავშირდება კიდევ ერთი ცვლილება. უელსმა ირლანდიასთან გამარჯვების (21:16) წყალობით, მე-8 პოზიციიდან არგენტინა ჩამოაქვეითა.

კომენტარები

ბოლო ამბები