Thumbnail
  • ლივერპულის კრიზისს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს
  • ტრავმებს გადატვირთული კალენდარი და სათამაშო სტილიც განაპირობებს
  • ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა სატრანსფერო კამპანია არცთუ კარგად ჩაატარა
  • იურგენ კლოპს მოსამზადებელის ციკლის ჩავარდნა ძვირი დაუჯდა

კვირას ლივერპულმა მანჩესტერ სიტისთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია და საბოლოოდ ჩამოშორდა საჩემპიონო ბრძოლას. კლოპის გუნდი მეოთხე ადგილზეა, ლიდერ სიტის 10 ქულით ჩამორჩება და თანაც, ერთი თამაშით მეტი აქვს.

არადა, სეზონის სტარტზე "წითლები" ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მთელი ევროპის მასშტაბით ამ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნეოდნენ. თამაშის ხარისხით ლივერპული ისევ წინა ორი სეზონის ფეხბურთს თამაშობდა და პრემიერლიგასაც ისევ ლიდერობდა. რამ გამოიწვია ლივერპულის კრიზისი?

ტრავმები

პირველი და ყველაზე იოლად დასანახი მიზეზი ლივერპულის ტრავმებია. სეზონის დასაწყისშივე გუნდმა დაკარგა თავისი საუკეთესო ფეხბურთელი და დაცვის ლიდერი - ვირჯილ ვაინ დაიკი. ამას დაემატა მეორე ძირითადი ცენტრალური მცველის, ჯო გომესის სერიოზული ტრავმა და ჟოელ მატიპის მიკროტრავმები. ლივერპული ნომინალური ცენტრალური მცველის გარეშე დარჩა და იურგენ კლოპი ამ პოზიციაზე ნახევარმცველებს, ფაბინიოსა და ჰენდერსონს ათამაშებს. ეს კი სათამაშო ბალანსს უკვე მოედნის შუა ხაზშიც არღვევს.

შედეგად, ამ სეზონში ლივერპული თამაშში 1.26 გოლს უშვებს, როცა წინა სეზონში ეს მაჩვენებელი 0.86 იყო.

ვან დაიკმა ტრავმა დერბიში პიკფორდთან შეჯახების დროს მიიღო

პრობლემები კლოპის გუნდს მხოლოდ დაცვაში არ ჰქონია. ახალწვეულმა ტიაგო ალკანტარამ, რომელზეც "წითლები" დიდ იმედებს ამყარებდნენ, კორონავირუსისა და ტრავმების გამო სეზონის პირველი ნახევარი გამოტოვა და ნორმალური ადაპტაცია ვერ გაიარა. ამას დაემატა დიოგო ჟოტას ტრავმა, რომელიც შემტევ სამეულს როტაციის საშუალება აძლევდა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრავმა, რომლის შემდეგაც მან თავისი სათამაშო ფორმის აღდგენა ვეღარ შეძლო.

შედეგად, ლივერპულს აკლია დაცვის ცენტრი, ბალანსი დარღვეულია მოედნის ცენტრში და თავდასხმაში არ აქვს როტაციის საშუალება.

სათამაშო სტილი

ლივერპულელთა ტრავმები უიღბლობაზე მეტად სათამაშო სტილით აიხსნება. კლოპის ფეხბურთი დინამიკაზე, ინტენსიურ, სწრაფ თამაშსა და მაღალ პრესინგზე დგას. ანუ კლოპის გუნდები ბევრს და სწრაფად დარბიან. ეს სეზონი ვირუსის გამო გვიან დაიწყო, სტანდარტული კალენდარი აირია და გუნდებს სისტემატიურად უწევთ 3-4 დღეში ერთხელ თამაში. ამან დიდ ჩემპიონატებში კუნთის ტრავმების რაოდენობა 38%-ით გაზარდა. ლივერპულში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - 53%. ანუ გუნდი, რომელიც მოძრავ და სირბილზე გათვლილ ფეხბურთს თამაშობს, გადატვირთულმა გრაფიკმა უფრო დააზარალა და უფრო ტრავმატული გახადა, ვიდრე, მაგალითად, მანჩესტერ სიტი, რომელიც აქცენტს უფრო ბურთის ფლობაზე აკეთებს.

გადატვირთული გრაფიკის პირობებში, ინტენსიური ფეხბურთის თამაში ძნელია და ლივერპულზე ეს  ყველაზე მეტად აისახა. კლოპს თამაშის სხვა გეგმა და მონახაზი არ აღმოაჩნდა, ლივერპულს კი უბრალოდ ენერგია არ ყოფნის ჩვეული დინამიური და ინტენსიური ფეხბურთი რომ ითამაშოს.


შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ლივერპულის თამაში ეტაპობრივად არ გაუარესებულა და მან უცაბედი ვარდნა დეკემბერ-იანვარში განიცადა. ამ მონაკვეთში გუნდმა სამჯერ წააგო "ენფილდზე", სადაც წლების განმავლობაში დაუმარცხებელი იყო და მათ შორის, ბარნლისა და ბრაიტონთან. კლოპის გუნდი გამოიფიტა და სათამაშო კრიზისში აღმოჩნდა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.

ენფილდის ფაქტორი

ზემოთ ენერგია ვახსენე და ფეხბურთელები დამატებით ემოციებს და ენერგიას ტრიბუნებიდან იღებენ. თეორიულად, თითქოს ყველა კლუბი თითქოს ერთ სიტუაციაშია, თუმცა პრაქტიკაში საშინაო სტადიონის ფაქტორი ყველას სხვადასხვანაირად აკლია. გულშემატკივრის არყოფნამ ლივერპული განსაკუთრებით დააზარალა, რადგან "ენფილდი" ის არენაა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, სეზონში დაახლოებით +10 ქულას უდრის. შედარებისთვის, ლივერპულისთვის "ენფილდის" გარეშე თამაში უფრო რთულია, ვიდრე სიტისთვის "ეტიჰადის" ან ჩელსისთვის "სტემფორდ ბრიჯის" მხარდაჭერის გარეშე დარჩენა.

ჩავარდნილი მოსამზადებელი ციკლი

გუნდები თავის ფიზიკურ მომზადებაზე ძირითადად ზაფხულში, სეზონის წინ, საწვრთნელ ბანაკში ზრუნავენ ხოლმე. როგორც ემზადები ზაფხულში, ისეთ ფორმაში ხარ სეზონის მსვლელობის დროს. ლივერპულის საწვრთნელი ბანაკი ავსტრიაში, ზალცბურგის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო. თუმცა, კლოპის გეგმები ჯერ კორონავირუსმა არია, რამაც გუნდის დიდი ნაწილის იზოლაცია განაპირობა, შემდეგ - კოკისპირულმა წვიმებმა. ისე გამოვიდა, რომ ამ ორი ფაქტორის გამო, მოქმედმა ჩემპიონმა თავისი საწვრთნელი შეკრების 10 დღე ნორმალურად ვერ გამოიყენა. "ატლეტიკის" ინფორმაციით, კლოპისთვის ეს ამ სეზონში წარუმატებლობების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ჩაგდებული სატრანსფერო კამპანია

როდესაც ამ სეზონის წინ ლივერპულმა დიეგო ჟოტა და ტიაგო დაიმატა, ყველა თანხმდებოდა, რომ მოქმედი ჩემპიონი კიდევ უფრო გაძლიერდა. ყურადღება თითქმის არავის მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ გუნდიდან დეიან ლოვრენი წავიდა. ლოვრენი რიგით მეოთხე ცენტრალური მცველი იყო, თუმცა გასულ წელს 15 თამაში ჩაატარა. "წითლებმა" მისი პირდაპირი შემცვლელი არ იყიდეს და სეზონს, ფაქტობრივად, სამი ცენტრალური მცველით შეხვდნენ. ამ სამიდან ერთი, ჟოელ მატიპი, ქრონიკულად ტრავმატულია და ლივერპულის საწვრთნელმა შტაბმა იცოდა, რომ მატიპი რეგულარულად თამაშს ვერ ახერხებს. ანუ გამოვიდა, რომ ლივერპული სეზონს "ორნახევარი ცენტრალური მცველით" შეხვდა.

ლოვრენი როტაციისთვის მნიშვნელოვანი იყო

კლოპის გათვლა ისევ და ისევ იმას ეფუძნებოდა, რომ ვან დაიკი შეუცვლელად თამაშობს. ნიდერლანდელმა წინა ორი სეზონი შეუსვენებლად და შეუცვლელად ჩაატარა. მას ტრავმები არასოდეს აწუხებს, ენერგიას სწრაფად აღიდგენს და როტაციაც არ სჭირდება. კლოპმა ვან დაიკის ფაქტორის გამო გარისკა, მაგრამ ფეხბურთელის ტრავმამ "წითლები" კრიტიკურ სიტუაციაში ჩააყენა.

გარდა ამისა, საკონტრაქტო სიტუაცია ბუნდოვანია მოჰამედ სალაჰსა და ჯინი ვაინალდუმთან მიმართებაშიც. ვაინალდუმი კლუბთან  ახალ კონტრატზე ვერ შეთანხმდა და ამ სეზონის შემდეგ თავისუფალ აგენტად მიდის. სალაჰი პრესაში პერიოდულად წუწუნებს და უხასიათოდ გამოიყურება. მას ხან ახალი კონტრაქტი სურს, ხანაც ესპანეთში წასვლით იმუქრება. ძირითადის ორი ლიდერი, რომელთაც კლუბთან ურთიერთობა მოგვარებული არ აქვთ, გუნდში განწყობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები