Thumbnail

ბასილაშვილმა და კალაშნიკოვამ სლემ-ტურნირზე წყვილებში მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს პირველ ჩოგანს სასტარტო მატჩი უკვე ხვალ დილით ელის
  • ოქსანა კალაშნიკოვა ტრადიციულად მხოლოდ წყვილთა ტურნირში ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 25 111 730 დოლარი) ერთეულთა ბადეში სასტარტო მატჩს ხვალ დილით ჩაატარებს, მანამდე კი, წლის პირველი სლემ-ტურნირის წყვილთა თანრიგის წილისყრაც შედგა და ნიკას გარდა, მეტოქეთა ვინაობა ოქსანა კალაშნიკოვამაც შეიტყო.

ცნობისთვის, 28 წლის ბასილაშვილი წყვილთა შეჯიბრში გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ითამაშებს. ამ დუეტს წილისყრის დროს ნაკლებად გაუმართლა, რადგანაც სასტარტო შეხვედრაშივე ჭიდილი პირველი განთსვის მქონე კოლუმბიურ წყვილთან (კაბალი-ფარა) მოუწევს. თავის მხრივ, 30 წლის კალაშნიკოვა და ესპანელი ხეორხინა გარსია პერესი საწყის წრეში მე-14 განთესვის მქონე ბელგიელ ფლიპკენსსა და სლოვენიელ კლეპაჩს გაეჯიბრებიან.

ოქსანა კალაშნიკოვა მელბურნში ვარჯიშისას

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ერთეულთა ბადეში ბასილაშვილის მოწინააღმდეგე 23 წლის ამერიკელი ტომი პაული იქნება, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია, ეს კი, მისი კარიერის რეკორდს მხოლოდ 1 პოზიციით ჩამორჩება. თავად ნიკოლოზი კლასიფიკაციაში 39-ეა, 2019 წლის მაისში კი მსოფლიოში მე-16 ნომერიც კი იყო.

ბასილაშვილი პაულს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება (თამაში მე-10 კორტზე 9 თებერვალსაა დანიშნული და 07:30 საათზე ადრე არ დაიწყება) და თუკი იმარჯვა, 24-ე ნომრად განთესილ ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები