Thumbnail

'მოგიწევთ კიდევ 30 წელი მოცდა მორიგ ტიტულამდე' - როი კინი ლივერპულს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მთავარი დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც ლივერპული "ენფილდზე" მანჩესტერ სიტისთან დამარცხდა (1:4) და პრაქტიკულად, გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მერსისაიდელები ბევრმა გააკრიტიკა. მათ შორის აღმოჩნდა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი როი კინი, რომლის აზრით, მოქმედ ჩემპიონებს ბოლო ორი წლის წარმატებამ თავბრუ დაახვია.

მანჩესტერ სიტიმ ენფილდზე 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო

"ჩემთვის ლივერპული ცუდი ჩემპიონია. შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს სეზონი განსაკუთრებულია, უცნაურია, კორონავირუსულია. ყურადღება არ უნდა მიაქციო - ჩემპიონი ხარ, ლივერპული ხარ! გააგრძელეთ ასე თამაში და მოგიწევთ კიდევ 30 წელი მოცდა მორიგ ტიტულამდე. 

მგონია, რომ ბოლო ორი წლის წარმატებამ მათ თავბრუ დაახვიათ. ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ კი მიწაზე ვეღარ დაეშვნენ. როდესაც ჩემპიონი თავად გავხდი, ასეთი განწყობა მქონდა: "შევძლებთ კიდევ მოგებას?". არასდროს მსმენია, რომ მერსისაიდელთა რომელიმე ფეხბურთელს ეთქვას: "ჩვენ კიდევ გვცსურს გამარჯვება". ეს საკვანძო მომენტია. შარშანდელი ტიტულის შემდეგ ისინი ოთხეულში მოხვედრაზე ლაპარაკობენ. 
 
ყველა მეუბნება, რომ ლივერპული ტოპკლუბია. თუკი დიდი კლუბია, გაუმკლავდეს ჩავარდნებს, ესეც ხომ თამაშის ნაწილია? შეხედეთ მანჩესტერ სიტის. შეიძლება ითქვას, მათ დღეს ორი საუკეთესო ფეხბურთელი აკლდათ. გარკვეული დანაკლისი ლივერპულსაც ჰქონდა, მაგრამ მისი საუკეთესო შემტევები მაინც მოედანზე იყვნენ", - თქვა კინმა. 

იურგენ კლოპის გუნდს საკუთარ მოედანზე დამარცხების შემდეგ 40 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. 22 თამაშში მოპოვებული 50 ქულით, ინგლისის ჩემპიონატს მანჩესტერ სიტი ლიდერობს.

როი კინი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 1993-2005 წლებში იცავდა. ირლანდიელმა “წითელ ეშმაკებთან” ერთად ინგლისის ჩემპიონობა 7-ჯერ მოიგო, 1999 წელს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები