Thumbnail

მანჩესტერ სიტიმ ენფილდზე მოიგო - ლივერპულს ტიტულისთვის ბრძოლა გაუჭირდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლივერპული 1:4 მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერმა 'ენფილდზე' 2003 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა
  • ლივერპულმა "ენფილდზე" ზედიზედ მე-3 თამაში წააგო

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის სუპერდაპირისპირება "ენფილდ როუდზე" შედგა, სადაც ლივერპულმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და ეს მატჩი ბევრ რამეს წყვეტდა, განსაკუთრებით მასპინძლებისთვის. თამაშს წინ უძღოდა პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპის მწვავე განცხადებები. გერმანელმა თქვა, რომ სიტიმ კორონავირუსის გამო 2 კვირა დაისვენა, რასაც ესპანელმა ცინიკურად უპასუხა.

გარდა ამისა, ლივერპულისთვის პრაქტიკულად ეს იყო ალბათ, ბოლო შანსი, რომ საჩემპიონო ამბიცია შეენარჩუნებინა და გამარჯვება ნამდვილად აამაღლებდა "წითლების" განწყობას. თუმცა, რაც ამ სეზონში ისედაც ვიცოდით, ამ თამაშმა უფრო გაამყარა - ლივერპული კრიზისშია, მანჩესტერ სიტი კი ალბათ ევროპის მასშტაბით ყველაზე მაგარ ფორმაშია.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რაც თამაშის სცენარიდან გამომდინარე ლოგიკურ იყო. თუმცა, 37-ე წუთზე მანჩესტერელებმა გოლის გატანას იდეალური შესაძლებლობა გაანიავეს - ილქაი გიუნდოგანმა პენალტი დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა. გერმანელმა შეცდომა მე-2 ტაიმის სტარტზე გამოასწორა და ალისონის მაგარ სეივს დაუცველ კარში დაამატა. კლოპის ბიჭებმა ერთხელ გაბრძოლება შეძლეს და მომო სალაჰმა თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია - 1:1. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა.

ილქაი გიუნდოგანი ანგარიშს ხსნის

შემდეგ საქმეში ალისონი ჩაერთო, რომელმაც უჩვეულოდ სუსტად ითამაშა და 3-წუთიან ინტერვალში მეტოქეს ორი საჩუქარი გაუკეთა. ორივე შემთხვევაში ალისონმა საკუთარ საჯარიმოსთან ფეხით არაზუსტი პასი გააკეთა, პირდაპირ მანჩესტერელებს ჩააბარა ბურთი და სტუმრებმა ის ერთხელაც არ დაინდეს. ჯერ გიუნდოგანმა შეასრულა დუბლი, მერე ბერნარდო სილვას მაგარი პასით რაჰიმ სტერლინგმა ცარიელი კარი დალაშქრა. "ქალაქელები" ამასაც არ დასჯერდნენ და წერტილი ფილ ფოდენმა ეფექტური გოლით დასვა - 1:4.

აღსანიშნავია, რომ ლივერპულმა "ენფილდზე" ზედიზედ მე-3 თამაში წააგო, მაშინ, როდესაც მანამდე 68-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ასევე "ენფილზე" მანჩესტერ სიტიმ ლივერპულს 2003 წლის შემდეგ პირველად მოუგო (9 ფრე, 19 წაგება).

მანჩესტერ სიტი პირველ პოზიციაზეა და უახლოეს მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს 5 ქულით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო ლივერპული 23 ტურის თავზე მხოლოდ მე-4 ადგილზე იმყოფება და საქმე ისე მიდის, ამ სეზონში უფრო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მოუწევს ბრძოლა, ვიდრე ჩემპიონობისთვის.

საინტერესო ფაქტები

⚽ ფილ ფოდენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ლივერპულთან "ენფილდზე" ერთ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა (20 წლის და 255 დღის)

ფილ ფოდენი მანჩესტერ სიტის შეუცვლელ ფიგურად იქცა

⚽ რაჰიმ სტერლინგი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. მას მხოლოდ ლიონელ მესი (211) და სერხიო აგუერო (120) უსწრებენ.

⚽ მოჰამედ სალაჰის ზუსტი პენალტით ლივერპულმა შინ 410-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა, ხოლო ამავდროულად, სიტიმ სტუმრად 602-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

⚽ 15 დეკემბრის შემდეგ ილქაი გიუნდოგანს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (8).

⚽ მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგაში ბოლო გაცუდებული 6 პენალტიდან 4 საერთოდ კარს ააცილა, აქედან 3 ლივერპულის წინააღმდეგ (2018 წლის ოქტომბერში რიად მაჰრეზმა, 2020 წლის ნოემბერში კევინ დე ბრუინმა და დღეს ილქაი გიუნდოგანმა).

ლივერპული 1:4 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 გიუნდოგანი (49), 1:1 სალაჰი (63-პენ), 1:2 გიუნდოგანი (73), 1:3 სტერლინგი (76), 1:4 ფოდენი (83)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ჰენდერსონი, რობერტსონი (85. ციმიკასი) - ტიაგო ალკანტარა (68. შაქირი), ვეინალდუმი, ჯონსი (68. მილნერი) - სალაჰი, ფირმინო, მანე

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - კანსელო, სტოუნსი, დიაში, ზინჩენკო - ბერნარდო სილვა, როდრი, გიუნდოგანი - მაჰრეზი (72. გაბრიელ ჟეზუში), ფოდენი, სტერლინგი

კომენტარები

ბოლო ამბები