Thumbnail

2021 წლის ექვსი ერის პირველობა იტალიის ნაკრებმა მორიგი მარცხით დაიწყო, "სტადიო ოლიმპიკოზე" საფრანგეთთან 7 ლელო მიიღო და 10:50 დამარცხდა. რომაული მარცხი იტალიის ნაკრებისთვის 6 ერის პირველობაზე ზედიზედ 28-ეა. BBC-ის პირდაპირ ეთერში იტალიელთა მარცხს მწვავედ გამოეხმაურა უელსისა და "ლომების" ექს-კაპიტანი სემ უორბარტონი, ის 6 ერზე გავარდნა/შემოსვლის სისტემის შემოღებას მოითხოვს...

უელსის ნაკრებში მას 75 კეპი დაუგროვდა

სემ უორბარტონი: "ვფიქრობ, უკვე ცვლილებების დროა. ეს მხოლოდ ერთი თამაშის ბრალი არ არის - იტალიის ნაკრების თამაშის ხარისხი ბოლო წლებია არ შეესაბამება 6 ერის დონეს, ასე ისინი კონკურენტუნარიანები ვერ იქნებიან. ჩემი აზრით, უნდა იყოს გავარდნა/შემოსვლის სისტემა ექვსი ერის ტურნირზეც. მეორე დონის ტურნირს საქართველო იგებს და იგებს. ასე კლასს ვერ შევინარჩუნებთ. როგორ უნდა გაიზარდოს ტურნირი? არ შეიძლება ამ გუნდებს მუდმივად შუშის კედელი დავახვედროთ. სხვანაირად, როგორ გავიგოთ, რა შეუძლიათ მათ და სადამდე გაიზრდებიან?
თუ საქართველო კვლავ მოიგებს ტურნირს მე-2 ეშელონში და იტალია ბოლო ადგილზე გავა. დაინიშნოს პლეი ოფი. იტალიას მივცეთ კიდევ ერთი შანსი, ეს თამაში იტალიაში გაიმართოს! ვფიქრობ, ამ თამაშს ბევრი მაყურებელი ეყოლება ტელევიზიით. თუ ამას არ გავაკეთებთ, ტურნირის დონე უკან წავა. საკმარისია".

შეგახსენებთ, რომ ექვსი ერის ტურნირის ფორმატის სახეცვლილებას უკვე ბევრი მომხრე ჰყავს ევროპაში, მედიაც დადებითად არის განწყობილი სიახლისადმი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ. 

სემ უორბარტონი 32 წლისაა, მან კარიერა 2018 წელს დაასრულა, ის მხოლოდ კარდიფ ბლუსში თამაშობდა. უელსის ნაკრებში მან 74 კეპი მიითვალა და 25 ქულა მოუტანა ნაკრებს. "ბრიტანელი ლომების" რიგებში უელსელმა 5-ჯერ ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები