Thumbnail

ჰარდენმა საყვარელ მეტოქესთან იფრინა - იუტას დაცვა მისთვის პრობლემა არ არის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალი ჰიუსტონმა მოგებით დაიწყო
  • ჯეიმს ჰარდენმა საყვარელ მეტოქესთან იფრინა
  • “წვერი” თვით იუტას მწვრთნელმაც აქო და ადიდა

ჯეიმს ჰარდენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იუტა ჯაზის დაცვის ხაზის გარღვევა მისთვის პრობლემას ოდნავადაც არ წარმოადგენს. ჰიუსტონ როკეტსის ვარსკვლავმა დასავლეთ კონფერენციის პირველ ნახევარფინალურ მატჩში იუტას 41 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდს 110:96 მოაგებინა. არადა, იუტას იდეაში კარგი დაცვა ჰყავს…

“მათი დაცვა მართლაც კარგია… მათ სუპერ-დაცვა ჰყავთ! მაგრამ ჩვენ ჯეიმსი გვყავს. ჯეიმსი უბრალოდ ჯეიმსია!” - აი, ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ ჰიუსტონის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ენტონიმ.

ჯეიმს ჰარდენი შეუჩერებელია

აღსანიშნავია, რომ იუტა ჯეიმს ჰარდენისთვის ჯერ კიდევ რეგულარულ სეზონში იყო საყვარელი მეტოქე - 28 წლის “წვერი” ჯაზს საშუალოდ ერთ მატჩში 34,3 ქულას უგდებდა, ნოემბერში კი, იუტასთან, სულაც 56 ქულა გააკეთა.

იუტელები დაღლილები იყვნენ, რადგან ოკლაჰომას ბოლო მატჩი პარასკევს მოუგეს. “დასვენებისთვის და რეაბილიტაციისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. დაღლილები ვიყავით, თუმცა ეს არ არის წაგების მთავარი მიზეზი და არც გასამართლებელი საბუთია,” - ეს დონოვან მიტჩელის სიტყვებია, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. 

ჰიუსტონი კი ოთხშაბათის შემდეგ ისვენებდა, ამ წყვილში ისედაც ფავორიტია და დაღლილ მეტოქეს ადვილად მოუგო. პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა 25 ქულა იყო.

“ის განსაკუთრებული მოთამაშეა, - ამბობდა მატჩის შემდეგ იუტას მთავარი მწვრთნელი ქუინ სნაიდერი, - ძალიან ძნელია, ჯეიმს ჰარდენის შეფასებისთვის ზუსტი სიტყვები იპოვო.”

ჰიუსტონსა და იუტას შორის მეორე მატჩი პარასკევს გამთეენისას გაიმართება. ჯაზის მცველები ჰარდენის შეჩერებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან...

კომენტარები

ბოლო ამბები