Thumbnail
  • 📅 7 თებერვალი | ⌚ 20:30 | ⚽ ლივერპული V მანჩესტერ სიტი
  • ენფილდზე ბოლო წლების საუკეთესო ინგლისური კლუბები ხვდებიან
  • ხოსეპ გვარდიოლას გუნდს მოგებათა 13-მატჩიანი სერია აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს იურგენ კლოპის გაწვრთნილი ლივერპული და ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი შეხვდებიან.

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო წლების ტრიუმფატორების დაპირისპირებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუკი ამჯერად ლივერპული საკუთარ კედლებში ზედიზედ მესამე თამაშს წააგებს, ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურით ადრე, პრაქტიკულად დაასრულებს ტიტულის შენარჩუნებაზე ოცნებას...

ლივერპული

თუკი პრემიერლიგის გასულ საჩემპიონო სეზონში ლივერპულმა სულ სამი მატჩი წააგო, მიმდინარეში კლოპის შეგირდებს უკვე 4 ისეთი თამაში აქვთ, რომლებშიც ქულაც ვერ მოიპოვეს. ამის მიუხედავად, მერსისაიდელები ჯერაც მოიაზრებიან ჩემპიონობის პრეტენდენტთა შორის, ცხრილის სათავეში მყოფ სიტისთან დაპირისპირება კი მათ ამ სტატუსს ან გაუმყარებს, ან ლიდერთა ჯგუფისგან კიდევ უფრო დააშორებს.

მაგრამ საგულისხმო ის არის, რომ ლივერპულს ამ სეზონში წაგება არცერთი აქვს ჩემპიონატის "ტოპებთან". კლოპის გუნდი ცხრილის შუაში მყოფ გუნდებთან და აუტსაიდერებთან მარცხდებოდა და თან ისე, რომ მხოლოდ ერთხელ გაუშვა ერთზე მეტი გოლი - 0:1 საუთემპტონთან, 0:1 ბარნლისთან, 0:1 ბრაიტონთან და ავადმოსაგონარი 2:7 ასტონ ვილასთან.

21 მატჩში 15 გოლით სალაჰი პრემიერლიგის სუკეთესო ბომბარდირია 

რჩება შთაბეჭდილება, რომ ლივერპულს უძნელდება გასაღები მოუძებნოს პრემიერლიგის საშუალო გუნდებს, რომლებიც თავს კარგად იცავენ და შეტევაც შეუძლიათ. სამაგიეროდ, მერსისაიდელებს უშუალო კონკურენტებთან ქულების მოგროვება არ უჭირთ და ეს, რა თქმა უნდა, მასპინძლებს სიტისთან ოპტიმიზმს მატებს. 

ლივერპულის ლაზარეთში არაერთი ტოპფეხბურტელია, თუმცა რეალობა ისეთია, რომ მერსისაიდელები უკვე შეგუებულები არიან როგორც ვირჯილ ვან დაიკისა და დიოგო ჟოტას დანაკლისს, ისე ჟოელ მატიპისა და ნაბი კეიტას გამუდმებულ პრობლემებს. სიტისთან საეჭვოა სადიო მანეს თამაში, თუმცა იურგენ კლოპი იმედს არ კარგავს, რომ სენეგალელი მომავალი მატჩისთვის მწყობრში იქნება.

მანჩესტერ სიტი

ხოსეპ გვარდიოლა "ენფილდზე" ჩასატარებელ შეხვედრას სერხიო აგუეროსა და კევინ დე ბრუინის გარეშე ხვდება. პეპმა გუნდს ამ უკანასკნელის გარეშე თამაშიც ასწავლა (4 მოგება 4 მატჩში), პირველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ ყველა ეს გამარჯვება პრემიერლიგის ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდებთან იყო. ახლა კი მანჩესტერელებს სულ სხვა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ და მოედნის ცენტრში ბელგიელის არყოფნა სიტის იერიშების სიმწვავეზე მნიშვნელოვნად აისახება.

სიტიმ ენფილდზე ბოლოს 2003 წელს, ნიკოლას ანელკას დუბლით მოიგო - 2:1

სხვა მხრივ, მანჩესტერ სიტი ძალიან მაგარ ფორმაშია და ამის დასტური ყველა ტურნირში ზედიზედ მოგებული 13 შეხვედრა და 18-მატჩიანი წაუგებელი სერიაა. ყველაფერთან ერთად, სიტიმ ბოლო 20 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლამ დაცვის ცენტრში იდეალურ ტანდემსაც მიაგნო - ჯონ სტოუნსისა და რუბენ დიაშის სახით.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პეპის გუნდს, რომელიც უახლოეს მდევრებს, მანჩესტერ იუნაიტედსა და ლესტერს, შესაბგამისად, 3 და 5 ქულით უსწრებს და თან, თამაში რეზერვში აქვს, ცხრილში ლიდერობას ვეღარავინ შეეცილება. "ენფილდზე" მომავალი მატჩი დიდწილად გამოაჩენს, რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი.

საინტერესო ფაქტები

⚽ იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

⚽ ინგლისის ჩემპიონატში ლივერპულის ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ლივერპული მანჩესტერ სიტისთან ყველა ტურნირში ჩატარებულ 21 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია.

⚽ პრემიერლიგის ეგიდით, ენფილდზე ამ გუნდების ბოლო 6 მატჩიდან 5-ში სტუმრები 1-ზე მეტს გოლს არ იტანდნენ.

⚽ პრემიერლიგის ეგიდით, ენფილზე ამ გუნდების ბოლო 8 მატჩიდან 6-ში სიტი პირველ ტაიმში გოლს ვერ იტანდა.

⚽ ლივერპულმა სიტის ენფილდზე პირველ 45 წუთში გოლი ჩემპიონატის ბოლო 10 მატჩიდან 9-ში გაუტანა.

⚽ სიტიმ ყველა ტურნირში ზედიზედ 13 მატჩი მოიგო, რაც კლუბის 141-წლიან ისტორიაში საუკეთესო სერიაა.

⚽ მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგაში ბოლო 9 შეხვედრა მოიგო, ბოლო 6-ში კი საკუთარ კარში გოლიც არ გაუშვა

⚽ სიტიმ ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში სულ 13 გოლი გაუშვა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

⚽ ხოსეპ გვარდილას გუნდმა პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგაში სტუმრად გამართულ ბოლო 3 თამაშში სულ ცოტა 2 გოლი გაიტანა.

კლოპი და პეპი პრემიერლიგაში 9-ჯერ შეხვდნენ - 3-3 მატჩი მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს 

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ქაბაქი, ფაბინიო, რობერტსონი - ალკანტარა, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე.

მანჩესტერ სიტი (3-4-3): ედერსონი - სტოუნსი, დიაში, ლაპორტი - უოკერი, როდრიგო, გიუნდოგანი, კანსელო - სტერლინგი, სილვა, ფოდენი. 

კომენტარები

ბოლო ამბები