Thumbnail

მარკა: მესის ეს ჭორები არ მოსწონს და მომავალზე სეზონის ბოლოს დაფიქრდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიონელ მესის მომავლის შესახებ ჯერ არავისთან უსაუბრია
  • მარკას ინფორმაციით, არგენტინელი ახალ პრეზიდენტს ელოდება

ლიონელ მესის არ მოსწონს მის შესახებ გავრცელებული ცნობები პარი სენ-ჟერმენში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ესპანური გამოცემა ‘მარკა’ წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი, რომელსაც სეზონის ბოლოს ბარსელონასთან კონტრაქტი უმთავრდება, საკუთარ მომავალზე მხოლოდ სეზონის ბოლოს დაფიქრდება და არა მანამდე.

‘მარკას’ ინფორმაციით, მესის სამომავლო გეგმების შესახებ ჯერ არავისთან უსაუბრია. კატალონიური გრანდის ლიდერი და კაპიტანი ძალიან დაღლილია იმით, რომ მის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება - მათ შორის, სხვადასხვა გამოცემები მის მომავალს ყველაზე ხშირად სწორედ პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ კორონაკრიზისის პერიოდში რეალურად მხოლოდ ამ ორ გრანდს შეუძლია მესისთვის შესაფერისი ხელფასის გადახდა. ბოლო დროს გავრცელდა ცნობები, რომ არგენტინელმა ოჯახთან ერთად ფრანგული ენის შესწავლაც დაიწყო. პარიზელები არ მალავენ, რომ მესის გადაბირებაზე ოცნებობენ.

‘მარკა’ წერს, რომ არგენტინელი ახლა მხოლოდ ბარსელონას თამაშებზე, ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული, რომლის მერვედფინალშიც ბარსელონა სწორედ პარიზულ გრანდს უნდა დაუპირისპირდეს.

როგორც ჩანს, სანამ მომავალზე ფიქრს დაიწყებს, მესი ბარსას ახალი პრეზიდენტის არჩევნებს ელოდება. ლეო სამომავლო გეგმებზე სწორედ ახალ შეფთან დაილაპარაკებს. ‘მარკას’ ინფორმაციით, მესისთვის ფინანსური ასპექტი გადამწყვეტი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები