Thumbnail

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIBA) ევრობასკეტის საუკეთესო სლემ-დანქები შეარჩია და ვიდეოში პირველივე მომენტი თორნიკე შენგელიას მიუძღვნა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აღნიშნული ჩატენვა ფინეთთან გასვლით მატჩში შეასრულა. მე-2 მეოთხედის დასაწყისში შენგელიამ მასპინძელთა წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და მარჯვენა ხელით ეფექტური სლემი მიითვალა. საქართველოს ნაკრებმა ის თამაში 91:85 მოიგო, თოკომ კი 19 ქულა მოაგროვა.

სოციალურ ქსელებში, ფიბას ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა პოსტები, სადაც გულშემატკივრებს ყველა გამორჩეული სლემის ნახვა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება შეუძლიათ – რომელი მიაჩნიათ საუკეთესოდ. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 თვის წინ FIBA-მ საკვალიფიკაციო რაუნდის 4 საუკეთესო პასი დაასახელა და შენგელია რჩეულებში მაშინაც მოხვდა (სხვათა შორის, ის ასისტიც ფინეთთან მატჩში მიითვალა).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. თებერვალში, შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს სწორედ საქართველო უმასპინძლებს: E ჯგუფის “ბაბლი” თბილისში შედგება. ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს სერბეთს უმასპინძლებენ, 21-ში კი – ფინეთს. შენგელია ამჟამად ტრავმირებულია და უცნობია, მოახლოებულ მატჩებში ითამაშებს თუ – ვერა.

კომენტარები

ბოლო ამბები