Thumbnail

'მათ მომიძულეს' - ლუის სუარესი ბარსელონაში გააკვირვეს და გაანაწყენეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუის სუარესს ბარსელონაში გული ატკინეს
  • 34 წლის ურუგვაელმა ლიონელ მესიზეც ილაპარაკა

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელმა ლუის სუარესმა Onda Cero-სთან ინტერვიუში ბარსელონადან წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გულდაწყვეტილია, რადგან ის კლუბმა მოიძულა. ურუგვაელმა დეტალურად გაიხსენა ის მომომენტი და ემოცია, როდესაც ბარსაში გადაწვეტილება გააცნეს.

"როდესაც ბარსელონაში მითხრეს, რომ ჩემზე დაყრდნობას აღარ აპირებდნენ, ძალიან რთული იყო, ამას არ ველოდი. კუმანმა დამირეკა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ ვიყავი. ძნელი იყო, რადგან ჩანდა, რომ მომიძულეს. მინდოდა, ჩემს შვილებს დაენახათ, როგორ ვტოვებდი კლუბს ბრწყინვალე სტილში", - აღნიშნა ურუგვაელმა.

ლუის სუარესი ბარსადან ატლეტიკოში გადავიდა, მაგრამ მანამდე იუვენტუსთან ძალიან ახლოს იყო. ყველაფერი იტალიური პასპორტის არქონის გამო ჩაიშალა. არადა, სამხრეთამერიკელი პერუჯას უცხოელთა უნივერსიტეტში გამოცდის ჩასაბარებლად ჩავიდა, რათა შემდეგ იტალიის მოქალაქეობა მიეღო და იუვეში გზა გახსნილიყო. სწორედ ამ გამოცდის გამო სუარესი სკანდალში გაეხვა - თურმე, ტესტის პასუხები წინასწარ იცოდა. საბოლოოდ, იუვემ ტრანსფერზე უარი თქვა, ატლეტიკოდან ალვარო მორატა დაიმატა და სუარესმა "როხიბლანკოში" მისი ადგილი დაიკავა.

"მას მერე, რაც ბარსელონაში ოფიციალურად მითხრეს, რომ მათთვის საჭირო აღარ ვიყავი, ატლეტიკოსთან საუბარი დაიწყო. ბევრი კლუბისგან მქონდა წინადებები. მსურდა, სწორი გადაწყვეტილება მიმეღო, საუკეთესო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. იტალიური ენის გამოცდა? გადავწყვიტე, იტალიური პასპორტის საკითხი გამეგრძელებინა, რადგან მასზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი", - თქვა სუარესმა.

სუარესი ახლა ატლეტიკოს საუკეთესო ბომბარდირია

ლუისმა კომენტარი ლიონელ მესის შესახებაც გააკეთა, რომელიც ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა. ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ 2017 წელს მან 555-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ფინანსური კრიზისიც მას დააბრალეს:

"მხოლოდ ოთხი-ხუთი ადამიანია, ვინც მესის კონტრაქტს იცნობდა, მაგრამ არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ის და არ მესმის, რატომ დაარტყეს ასე ძლიერად, როდესაც კლუბისთვის არავის გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე ლეომ გააკეთა. ის სანახობრივ ფეხბურთს თამაშობს და მსოფლიოში საუკეთესოა. მესი კარიერას იქ დაასრულებს, სადაც მოსურვებს, ეს იქნება ბარსელონა, არგენტინა თუ სხვაგან", - თქვა "ელ პისტოლერომ".

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი ბარსელონაში 2014 წლიდან თამაშობდა და 283 თამაშში თავი 198-ჯერ გამოიჩინა. ატლეტიკოში მან 20 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ყველა ლა ლიგაში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები