Thumbnail
  • ზაფხულში ბაიერნის დაცვის ხაზი, სავარაუდოდ, შეიცვლება
  • უპამეკანოს გარდა, რეკორდმაისტერს დემირალიც სურს

გერმანული ‘კიკერი’ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზაფხულში მიუნხენის ბაიერნისა და ჟერომ ბოატენგის გზები, დიდი ალბათობით, გაიყრება. იგივე ეხება დავიდ ალაბასაც, რომელიც, სავარაუდოდ, მადრიდის რეალში გადავა. ისე გამოდის, რომ ბაიერნს ორი მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველი ტოვებს. შესაბამისად, მიუნხენურ გრანდს მინიმუმ ორი ახალი მცველი სჭირდება.

ცნობილია, რომ ბაიერნის მთავარი სამიზმე ლაიპციგის უკანახაზელი დაიო უპამეკანოა, თუმცა დაცვის ხაზში მხოლოდ ის საკმარისი ვერ იქნება. ‘კიკერი’ წერს, რომ ბავარიელები ზაფხულში ორ ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებენ. ტრანსფერების იტალიელი ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რეკორდმაისტერს ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი მერიჰ დემირალი სურს.

როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა 433-ს ინტერვიუში განუცხადა, დემირალს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სწორედ გერმანული გრანდია. ჯერ კიდევ გასულ წელს Sky Italia დორტმუნდის ბორუსიას და ბაიერ ლევერკუზენის, ასევე ინგლისური კლუბების ინტერესზე წერდა, მოგვიანებით კი ‘ტუტოსპორტმა’ დაწერა, რომ იუვემ უარი უთხრა ყველას, ვინც 40 მილიონ ევროზე მეტს არ სთავაზობდა.

კრიშტიანო რონალდო და მერიჰ დემირალი

22 წლის დემირალი იტალიის სერია A-ში 2019 წლის იანვრიდან თამაშობს. თავიდან სასუოლოში იყო, იმავე წელს კი იუვეში გადავიდა. ტურინელებმა მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამ სეზონში დემირალმა იუვენტუსში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. მას ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt.de დემირალს 30 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, იუვენტუსი 40-მილიონიანზე ნაკლებ შეთავაზებებს არცკი განიხილავს...

კომენტარები

ბოლო ამბები