Thumbnail

PREVIEW | იუვესთვის რომასთან მოგება აუცილებელია! ეს მატჩი ბევრ რამეს გაარკვევს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 6 თებერვალი | ⌚ 21:00 | ⚽ იუვენტუსი V რომა
  • იუვენტუსი გამარჯვების შემთხვევაში რომას გადაასწრებს
  • ჯალოროსის შანსი აქვს, სკუდეტოს ამბიცია გაიმყაროს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის უმთავრესი დაპირისპირება ტურინში გაიმართება: იუვენტუსი რომას უმასპინძლებს - გუნდები, რომელთაც ზურგს დიდი ისტორია უმაგრებთ და რომლებსაც ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ორივე 'სკუდეტოსთვის' იბრძვის და ბევრისთვის შეიძლება გასაკვირადაც, რომა იუვეს სატურნირო ცხრილში უსწრებს. თუმცა, მხოლოდ 1 ქულით და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

მთლიანობაში, რომა მიმდინარე სეზონში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს - რომ არა ბოლო ხანს გუნდში გაფუჭებული ატმოსფერო. მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას გუნდის ახლა უკვე ყოფილ კაპიტან ედინ ჯეკოსთან კონფლიქტი მოუვიდა და ბოსნიელი გარკვეული პერიოდი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა. ორი დღის წინ მათ ისაუბრეს და ჯეკო საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა, მაგრამ კაპიტნობა დროებით ჩამოერთვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელი უთამაშებელია, იუვენტუსთან ალბათ, მაინც ძირითადში იქნება. მეორეს მხრივ, ბრწყინვალე ფორმაშია მისი შემცვლელი ბორხა მაიორალი, რომელიც მოედანს უგოლოდ უკვე აღარ ტოვებს.

რომას კრიზისული პერიოდი ლაციოსთან მტკივნეული მარცხით დაეწყო (0:3), რასაც იტალიის თასზე სპეციასთან წაგება მოჰყვა. თუმცა, ამ წაგებიდან 4 დღეში რომამ იგივე სპეცია სერია A-ში ბოლო წამზე გატანილი გოლით დაამარცხა (4:3), ხოლო წინა ტურში ვერონას, რომელსაც მანამდე მთელ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი ჰქონდა გაშვებული, ნახევარ საათში 3 გოლი გაუტანა და იოლად მოუგო. მოკლედ, რომა ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურება და ლიდერ მილანთან მხოლოდ 6 ქულა აშორებს. სხვა საკითხია, რომ ხანდახან "ჯალოროსი" არასტაბილურია, რაც ამ გუნდს ხშირად ახასიათებს.

რომაში სტეფან ელ შაარავი დაბრუნდა

მეორე მხარეს არის იუვენტუსი, რომელიც ვერაფრით ახერხებს მილანურ გუნდებთან ჩამორჩენის შემცირებას და ის 7 ქულას შეადგენს (მილანთან), მაგრამ 1 თამაში მარაგში აქვს. იუვემ 17 იანვარს ინტერთან საშინლად ითამაშა და წააგო, თუმცა მას შემდეგ ზედიზედ 5 თამაში მოიგო, მათ შორის იმავე ინტერთან სტუმრად იტალიის თასის ნახევარფინალში და ნაპოლისთან იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა.

ზოგადად, 2021 წელს იუვეს გაკრიტიკება ძნელია. შესაძლოა, თამაშის ხარისხი ზოგჯერ უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ შედეგები მიმდინარე წელს ძალიან კარგია - 10 მატჩი და 9 მოგება (მათ შორის მილანთან, ინტერთან, ნაპოლისთან). პირლოს გუნდს ძალიან მძიმე კალენდარი აქვს, თან მჭიდრო: ინტერს უკვე ეთამაშა, ახლა რომა, სამშაბათს ისევ ინტერი საპასუხო სათასო ნახევარფინალში, სერია A-ს მომდევნო ტურში ნაპოლი და შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი პორტუსთან!

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გადალახავს ტურინული გრანდი ამ მართლაც უმძიმეს გრაფიკს. სხვათა შორის, პირლომ ინტერთან სათასო დაპირისპირებაში მოახერხა და ძირითადი შემადგენლობის 6-7 პოტენციური წევრი დაასვენა (კიელინი, ბონუჩი, არტური, კიეზა, მორატა, შჩესნი). ახლა არ არის გამორიცხული, ხუან კუადრადომ დაისვენოს, რომელიც იუვეს შეუცვლელი ფიგურაა, მაგრამ წინ, როგორც ვთქვით, მჭიდრო კალენდარია.

იუვენტუსში კარგი განწყობაა - 2021 წელს 10-დან 9 მატჩი მოიგო

იუვენტუსს პაულო დიბალა და აარონ რემზი ტრავმირებულები ჰყავს, როდრიგო ბენტანკურს კი დისკვალიფიკაცია აქვს. რომაშიც ანალოგიური ვითარებაა - ტრავმების გამო ნიკოლო ძანიოლო და კრის სმოლინგი ვერ ითამაშებენ, ხოლო ლორენცო პელეგრინი დისკვალიფიკაციას მოიხდის. ამ გუნდების პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. კაცნაკლულმა იუვემ (ადრიენ რაბიო გააძევეს) კრიშტიანო რონალდოს დუბლით ქულა გადაარჩინა.

საინტერესო ფაქტები

 იუვენტუსი არის გუნდი, რომელსაც სერია A-ში რომა ყველაზე მეტჯერ ჰყავს დამარცხებული (82).

⚽ რომას შანსი აქვს, იუვენტუსთან ზედიზედ 3 თამაშის განმავლობაში დარჩეს დაუმარცხებელი, რაც 2002 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა, როდესაც გუნდს ფაბიო კაპელო ავარჯიშებდა.

⚽ იუვენტუსმა გასული სეზონის მიწურულს (აგვისტოში) რომასთან შინ 1:3 წააგო და შეიძლება ისტორიაში პირველად მოხდეს, რომ "ჯალოროსის" წინააღმდეგ ტურინში ზედიზედ 2-ჯერ დამარცხდეს (სერია A-ს ეგიდით).

⚽ იუვეს სერია A-ს ბოლო ორ მატჩში გოლი არ გაუშვია და თუ ახლაც იგივეს გააკეთებს, ანდრეა პირლოს პერიოდში ზედიზედ სამ მატჩში კარს მშრალად პირველად შეინახავს. ბოლოს მსგავსი სერია 2020 წლის ივნისში ჰქონდა.

⚽ ვერონასთან ტექნიკური წაგების ჩათვლით (0:3) რომას მიმდინარე სეზონში 33 გოლი აქვს გაშვებული და ბოლო 70 წლის განმავლობაში ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ 2012/13 წლების სეზონში ჰქონდა, როცა 20 ტურისთვის 34 გოლი გაუშვა.

⚽ რომას სერია A-ში მატჩის პირველ 15 წუთში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (8, ლაციოსთან ერთად), ხოლო იუვენტუსს მატჩის ბოლო 15 წუთში აქვს ყველაზე მეტი გოლი (14).

⚽ კრიშტიანო რონალდო შეიძლება ზედიზედ 4 თამაში გოლის გარეშე დარჩეს პირველად 2017 წლის ნოემბრის შემდეგ (იგულისხმება ეროვნული ჩემპიონატები).

⚽ რომა არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ ალვარო მორატას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (5) ისე, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.

⚽ რომას თავდამსხმელმა ბორხა მაიორალმა სერია A-ში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ საწყის 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა. არცერთ სხვა ფეხბურთელს 1994 წლიდან ამაზე კარგი სტატისტიკა ამ მონაკვეთში არ ჰქონია.

⚽ იუვენტუსს სერია A-ში ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 36 არ წაუგია.

⚽ რომას ბოლო 7 გასვლით მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. ზოგადად, ბოლო ხუთ თამაშში კი ხუთჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსმა ბოლო ხუთ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა. ამ მატჩებიდან ორჯერ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსისა და რომას ბოლო 5 მატჩიდან 2 ტურინელებმა მოიგეს, 2 რომაელებმა და ერთ თამაშში ფრე დაფიქსირდა. ამ 5 შეხვედრაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსს სერია A-ში რომა 82-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 50-ჯერ ფრე დაფიქსირდა და 41-ჯერ რომაელებმა იმარჯვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - მაკკენი, არტური, რაბიო, კიეზა - მორატა, რონალდო
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: დიბალა, რემზი, ბენტანკური

რომა (3-5-2): პაუ ლოპესი - მანჩინი, იბანიესი, კუმბულა - კარსდორპი, ვერეტუ, ვილარი, კრისტანტე, სპინაცოლა - მხითარიანი, ჯეკო
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: ძანიოლო, სმოლინგი, პელეგრინი

კომენტარები

ბოლო ამბები