Thumbnail
  • 📅 7 თებერვალი | ⌚ 15:00 | 🏉 საქართველო V რუსეთი | 📺 TV იმედი
  • საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს
  • რუსებს სამატჩო განაცხადში ერთბაშად 6 დებიუტანტი ჰყავთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან მორიგი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სატურნირო თვალსაზრისით ნაკლები დატვირთვა გააჩნია, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, მისდამი ქომაგების ინტერესი მაინც დიდია. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, სამწუხარო კი ისაა, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მას გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო და ახლა, 7 თებერვალსაა დაგეგმილი. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

📋 მეტი ამ თემაზე:

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში ათი უკეპო მორაგბე იყო, 23-კაციან განაცხადში მათგან მხოლოდ ერთი, ბურჯი გიორგი ნუცუბიძე მოხვდა, რომელსაც აქამდე უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში უთამაშია. 22 წლის მორაგბე, რომელიც ბოლო ორი სეზონია ფრანგული ბიარიცის შეუცვლელ მორაგბედ იქცა, თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

შერკინების პირველ ხაზში ორწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც ბექა გიგაშვილს შუწყვილდება, კვაჭი კი შალვა მამუკაშვილია. მეორე ხაზში ერთმანეთს პირველად შეუწყვილდებიან ლაშა ჯაიანი და გიორგი ჯავახია, რომელთა კეპების საერთო რაოდენობა მხოლოდ 10-ია. ჯავახია სასტარტო რაზმში პირველად ითამაშებს. 2018 წლის ივნისის შემდეგ, ძირითად 15-ეულში პირველადაა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომლის ანგარიშზეც 12 კეპია. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელად ახალგაზრდა თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრები რუსებთან ამჯერადაც ფავორიტის რანგში ითამაშებს

ხაზში სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა 18 წლის დავით ნინიაშვილი, რომელიც ფულბეკის პოზიციას დაიკავებს. შარშან ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნების კვართს კვლავ მოირგებს მირიან მოდებაძე, მეორე ფრთა კი აკაკი ტაბუცაძე იქნება, რომელიც ბორჯღალოსნებს შარშან გაუშინაურდა. ცენტრში კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის წყვილს ვიხილავთ.

დებიუტანტი გიორგი ნუცუბიძის გარდა, პირველი ხაზის მარქაფაში არიან გიორგი ჭყოიძე და გიორგი მელიქიძე, რომელთაც ნაკრებში თამაშის საკმარისი გამოცდილება დაუგროვდათ. მეორე ხაზში შეცვლაზე დავით გიგაურს ვიხილავთ, რომელმაც “შემოდგომის ერთა თასი“ გამოტოვა, ხოლო მესამე ხაზს გამოცდილი გიორგი თხილაიშვილი გააძლიერებს. ლობჟანიძის შემცვლელად ტრადიციულად გელა აფრასიძეს ვიხილავთ. ხაზის მარქაფაში გამოცდილი ლაშა ხმალაძე და ახალგაზრდა დემე თაფლაძე არიან.

ლევან მაისაშვილი: "გვსურდა ძირითადი ბირთვი ისეთივე ყოფილიყო, როგორიც “შემოდგომის ერთა თასზე“ გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. იმ გაფართოებული რაზმიდან ათი მორაგბე გვაკლია, რისი მიზეზი, ძირითადად, ტრავმებია. გარდა ამისა, პრობლემები შექმნა პანდემიამ, როგორც მოთამაშეთა დროულად ჩამოსვლის, ასევე კლუბებთან ურთიერთობის კუთხით. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ახალი მოთამაშეები გავსინჯოთ, მაგრამ ამისთვის თავადაც უნდა იყვნენ მზად. წელიწადში სულ 11 მატჩს ვატარებთ, მნიშვნელოვანია გუნდის შეთამაშებაც და არ გვაქვს იმის ფუფუნება, სანაკრებო მატჩები სასელექციო შეხვედრებად ვაქციოთ. მზადებით კმაყოფილი ვარ. მოსამზადებელი პერიოდი ორ ნაწილად გავყავით. დიდი ჯგუფი შემოვიყვანეთ ვარჯიშზე. ბოლო კვირაში 37 მორაგბეს მივეცით შანსი. ახლა ვემზადებით რაგბი ევროპის ამ თამაშისთვის და მომავალი სეზონის მატჩებისთვისაც. ყველა კომპონენტზე გავაკეთეთ ორგანიზება. სამწვრთნელო შტაბი მომზადებით კმაყოფილი ვართ. ამ ბიჭების უმეტესობა 20-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მათ კარგი უნარები აქვთ და ნაკრებს ალღო მარტივად აუღეს".

რუსები თბილისში განახლებული შემადგენლობით ითამაშებენ

რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა თბილისში 28 მორაგბე ჩამოიყვანა, რომელთა შორის არ არიან ტრავმირებულები: იური კუშნარიოვი (კრასნი იარი) და ტიმურ მასლოვი (ენისეი). აღსანიშნავია, რომ მომავალ მატჩში დებიუტი ერთბაშად სამ მორაგბეს ექნება. ესენი გერმან სილენკო, ანდრეი კარზანოვი (ორივე – ლოკომოტივი), და ლუკ ბროკა არიან. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, რომელიც ფრანგულ ნარბონას ღირსებას იცავს, ნაკრებში ერთადერთი ლეგიონერია. კიდევ სამი დებიუტანტია სათადარიგოთა რიგებში: ალეკსეი სკობიოლა (სლავა), ვლადისლავ პერესტიაკი (ლოკომოტივი) და ალეკსანდრ ბელოსლუდცევი (ენისეი).

ლინ ჯონსი: “თითქმის ყველა ქართველი საფრანგეთში თამაშობს, სადაც შუა სეზონია. ვფიქრობ, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში ჩატარდება, თუმცა მეორე ნახევარი ჩვენთვის ბევრად რთული იქნება. ძალა და გამოცდილება საქართველოს მხარესაა. არაერთი კომპონენტია, რომელშიც მეტოქე გვჯობია. პირველი ფიზიკური მომზადებაა, მეორე გამოცდილება. “შემოდგომის ერთა თასზე” ქართველებს შანსი მიეცათ ტოპ გუნდების წინააღმდეგ ეთამაშათ. მათ  ამ შეხვედრებიდან ბევრი რამ ისწავლეს. მესამე არის თავდაჯერება – ისინი რუსეთის ნაკრებთან არ აგებენ. ფსიქოლოგია მათ მხარესაა, მაგრამ ჩემი საქმეა, რუს მორაგბეებს მივცე რწმენა, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, მინდა, ვლადიმერ პუტინს შევხვდე და მან გმირის წოდება უნდა მომცეს, როგორც – იური გაგარინს”.

საინტერესოა, რომ საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩზე მსაჯთა ბრიგადა არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველი ვერსიით თბილისში დაგეგმილ მატჩზე ფრანგების ბრიგადა იყო გამწესებული. მთავარი არბიტრი 51 წლის პიერ ბრუსე უნდა ყოფილიყო, რომელსაც სებასტიან მაინერი და კრისტოფ ბატსი უნდა დახმარებოდნენ. რაგბი ევროპამ აღნიშნული გადაწყვეტილება მალევე ისე შეცვალა, რომ მიზეზი არ დაუსახელებია და საქართველო-რუსეთის შეხვედრაზე მთავარი მსაჯად რუმინელი ალეკსანდრუ იონესკუ დაამტკიცა, მის დამხმარეებად კი – კრისტიან სერბანი და რადუ პეტრესკუ. მალევე, გართულებული ეპიდვითარების გამო, რუმინეთის მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეებს უცხოეთში მოგზაურობა აუკრძალა და რაგბი ევროპას მორიგი დაუგეგმავი ნაბიჯის გადადგმა მოუწია. ბოლო ინფორმაციით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალურ დაპისპირებას პორტუგალიელი პაულო დუარტე მოემსახურება, უცნაური კი ისაა, რომ აღნიშნულ ტურნირზე ბოლოს მან 2012 წელს იმსაჯა. მაშინ დუარტე ბუქარესტში რუმინეთისა და უკრაინის მატჩზე იყო მივლინებული.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს, ამასთან, ბოლო 18 მატჩი აქვთ მოგებული. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

Rugby Europe | #ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი რუსეთის წინააღმდეგ დასახელდა 🏉 ➡️ ვრცლად: http://bit.ly/36KklCR 🇬🇪...

Posted by Georgian Rugby on Friday, February 5, 2021

საქართველო - რუსეთი

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

რუსეთი: 15. გერმან დავიდოვი, 14. ანდრეი კარზანოვი, 13. ლუკ ბროკა, 12. კირილ გოლოსნიცკი, 11. ვასილი არტემიევი, 10. რამილ გაისინი, 9. კონსტანტინ უზუნოვი; 1. ევგენი მიშეჩკინი, 2. შამილ მაგომედოვი, 3. კირილ გოტოვცევი, 4. გერმან სილენკო, 5. ბოგდან ფედოტკო, 6. ნიკიტა ვავილინი, 7. ტაგირ გაჯიევი, 8. ვიკტორ გრესევი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. სტანისლავ სელსკი, 17. ალეკსეი სკობიოლა, 18. ვლადიმირ პოდრეზოვი, 19. ევგენი ელგინი, 20. ვლადისლავ პერესტიაკი, 21. ალეკსანდრ ბელოსლუდცევი, 22. ალეკსანდრ ბუდიჩენკო, 23. ხეტაგ ძობელოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები