Thumbnail

'ხვიჩა ედენ აზარს მაგონებს' - სლუცკიმ კვარაცხელიაზე გულახდილად ისაუბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ხვიჩას კვარაცხელიას სრულ ნდობას უცხადებს. სწორედ გამოცდილი რუსი სპეციალისტის ხელში განიცადა ხვიჩამ გარდამტეხი პროგრესი და ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერად.

49 წლის სპეციალისტმა რუსულ მედიასთან ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა. სლუცკიმ გაიხსენა რუბინში მისი პირველი საწვრთნელი სესია და თქვა, რომ ხვიჩას ტალანტში პირველივე ვარჯიშზე დარწმუნდა. მისი თქმით, კვარაცხელიას ზედა ზღვარი უბრალოდ არ გააჩნია.

"რუბინში პირველი ვარჯიშის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "არ ვიცი, დავქვეითდებით თუ არა, მაგრამ ამ კლუბში ამაოდ ნამდვილად არ ვარ, რადგან აქ არის ხვიჩა კვარაცხელია". ეს მოსაზრება მოგვიანებით უფრო გამიმყარდა. რა განსხვავებაა მას და სხვებს შორის? ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელთან შეხვედრა, რომელსაც ზედა ზღვარი არ გააჩნია. მოთამაშეთა 95%-ს, რომელთანაც მიმუშავია, გარკვეული სახის შეზღუდვა ჰქონდა და აქვს - მენტალიტეტი, სისწრაფე, ტექნიკური კომპონენტი, ანთროპოლოგიური მონაცემები, ფიზიკური ძალა... ხვიჩას შესაძლებლობები კი უსაზღვროა", - თქვა რუსმა სპეციალისტმა.

სლუცკიმ ხვიჩა მადრიდის რეალისა და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავ ედენ აზარს შეადარა და ისიც თქვა, რომ ეს სეზონი რუბინში ქართველისთვის შეიძლება ბოლო გამოდგეს:

"ედენ აზარს ჰგავს. ბელგიელთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ მახსოვს, ცსკა-ში მუშაობის დროს, ლილის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ახალგაზრდა აზარმა მაშინ გამაოცა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ხვიჩას შენარჩუნებას მომდევნო სეზონში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ლეონიდმა.

კვარაცხელიას პროგრესი სლუცკის ხელმძღვანელობით დაიწყო

დამაინც, ლეონიდ სლუცკი ფრთხილია და მიაჩნია, რომ კვარაცხელიასთვის ახლა ტოპგუნდზე მეტად საშუალო ევროპულ კლუბში გადასვლა აჯობებს. მაგალითიც იოლად დაასახელა - გერმანული ლევერკუზენი!

"შეიძლება მზად არ არის ევროპის წამყვანი გუნდებისთვის, მაგრამ საშუალო, მეოთხე-მეშვიდე ადგილებისთვის მებრძოლი გუნდებისთვის - ნამდვილად. დორტმუნდის ბორუსია? უფრო ახლოს არის ტოპგუნდებთან, მაგრამ ლევერკუზენის ბაიერისთვის ხვიჩა ნამდვილად მზად არის. მას სჭირდება შუალედური ნაბიჯის გადადგმა ტოპგუნდებში თავდაჯერებისთვის. მისი ასაკის გათვალისწინებით, ამაში საგანგაშო არაფერია", - განაცხადა სლუცკიმ.

რუსმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის ნიჭზე და გენეტიკაზეც ისაუბრა. სლუცკი ფიქრობს, რომ ხვიჩას ტალანტი ქართული ეროვნების დამსახურებაცაა:

"ნებისმიერი, ვისაც დიდ ტალანტთან შეხება ჰქონია, დარწმუნებულია, რომ მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ ის, რაც უნდათ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გენეტიკა და ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება. ვფიქრობ, უფრო გენეტიკურია, ვიდრე შეძენილი. რა თქმა უნდა, ხვიჩას ბავშვობაში ფეხბურთის სიყვარულს უნერგავდნენ, ამუშავებდნენ და ავარჯიშებდნენ, მაგრამ სინადვილეში მას ფეხბურთი უბრალოდ უყვარს. ვფიქრობ, მასზე გავლენა ქართულმა ფესვებმაც მოახდინა. როდესაც ვსაუბრობთ სამხრეთკავკასიელ ფეხბურთელებზე, პირველი ასოციაცია არასტანდარტული, სანახაობრივი დრიბლინგებია. მათ ამით აფასებდნენ. რა თქმა უნდა, მისმა ეროვნებამ ასეთი სტილის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში როლი ითამაშა", - მიიჩნევს 49 წლის გამოცდილი მწვრთნელი.

სლუცკი ფიქრობს, რომ ხვიჩას სათამაშო სტილზე ქართულმა ფესვებმა გავლენა იქონია

კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი პლუსი დრიბლინგია და ამ კომპონენტში რუსეთის პრემიერლიგაში ბადალი ნამდვილად არ მოეძებნება. თუმცა, უცნაური ის არის, რომ ლეონიდ სლუცკის რუბინში მისვლამდე ხვიჩა ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და ყოფილი მწვრთნელი რომან შარონოვი მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებდა:

"დრიბლინგი, განსაკუთრებით სწრაფი დრიბლინგი ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნიკური, ტაქტიკური და კოორდინაციული ელემენტია ფეხბურთში. ამას ნიჭი სჭირდება. თუმცა ნათელია, რომ თუ ასეთ ნიჭიერ ფეხბურთელს მოსთხოვ, რომ ბურთი არ დაკარგოს, შეიძლება დრიბლინგების კეთება საერთოდ შეწყვიტოს. როდესაც რუბინში მივედი, გამიკვირდა, რომ კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. ამ დროს ის რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო. მე არავის განვიკითხავ, რადგან ხვიჩა პირველია რუსეთის ჩემპიონატში დრიბლინგებით, მაგრამ ამავე დროს პირველია ბურთის დაკარგვაშიც. მახსოვს როგორ უყვიროდნენ თანაგუნდელები ვარჯიშზე: "კვარა, ბურთი ისევ დაკარგე, რატომ უნდა გსდიოთ უკან და გაზღვიოთ?", - ამბობს სლუცკი.

რუსი სპეციალისტი ფიქრობს, მისი პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ნიჭიერ ფეხბურთელებს განვითარებაში დაეხმაროს და სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა კვარაცხელიას რუბინის ძირითადი შემადგენლობის წევრად ქცევა. გარდა ამისა, ვარსკვლავური სენის შეყრის საშიშროებაზეც გააკეთა კომენტარი:

"ჩემს საქმეს შემდეგნაირად ვუყურებ: მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ღმერთისგან დაჯილდოებულ ადამიანებთან. ვინ ვარ მე, რომ ეს ნიჭი დავასამარო? ვფიქრობ, ჩემი მისიაა მაქსიმალურად დავეხმარო და განვავითარო ეს ნიჭი. დახმარება ტალანტებს სჭირდებათ, ეს ჩემი პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ვარსკვლავური სენის შეყრა? გარანტიის მოცემა არ შემიძლია, რადგან ცხოვრება ყოველთვის არაპროგნოზირებადია. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა მაქსიმალურად არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება ამ გავლენის ქვეშ მოექცეს. მას არ გააჩნია ვარსკვლავური სენის შეყრის საწყისი წინაპირობები, მაგრამ საბოლოო დიაგნოზს მე ვერ დავსვამ", - თქვა მან.

რუსი სპეციალისტი ამბობს, რომ კვარაცხელიას ევროპაში წასვლას ხელს არ შეუშლის. მან საინტერესო მაგალითიც მოიყვანა:

"არა, არავითარ შემთხვევაში, მის წასვლას ხელს არ შევუშლი. ვოლიერის ზომები შეესაბამება მასში მოთავსებული ცხოველის ზომებს. თუ დათვს ჩიტის გალიაში ჩასვამენ, იქ არაკომფორტულად იქნება. ამიტომ, თუ ყველა დაინახავს, რომ ჩვენთვის გადაიზარდა და შემდეგი ნაბიჯი სჭირდება, მე ხელს არ შევუშლი", - თქვა სლუცკიმ დასასრულს.

ხვიჩა სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთში შეკრებაზე ემზადება

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა.

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შეძენით, რომელსაც პორტალი Transfermarkt ამჟამად 10 მილიონ ევროდ აფასებს, რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება.

კომენტარები

ბოლო ამბები