Thumbnail

ცრემლები და სასწრაფო მოედანზე - პორტუგალიაში კინაღამ ტრაგედია დატრიალდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეს ამბავი ბელენენსეშისა და პორტოს მატჩში მოხდა
  • რუსი მეკარე სტუმართა ფეხბურთელს შეასკდა და ის ძლივს გადაარჩინეს

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, რომელშიც ბელენენსეში ერთ-ერთ ფავორიტ პორტოს მასპინძლობდა, კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. შეხვედრის 85-ე წუთზე უმძიმესი ტრავმა მიიღო სტუმართა 26 წლის გვინეა-ბისაუელმა მცველმა ნანუმ, რომელიც მიდვრიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა.

აფრიკელი მცველი მეტოქის საჯარიმოში ბურთისთვის იბრძოდა, როდესაც მასპინძელთა რუსი მეკარე სტანისლავ კრიციუკი მუშტებით შეასკდა. ამ ეპიზოდში ორივეს სამიზნე ბურთი გახლდათ, ამდენად, განზრახ უხეშობაზე საუბარი არ ყოფილა.

ფეხბურთელები მაშინვე მიხვდნენ, რომ ცუდი ამბავი მოხდა. კრიციუკი შედარებით იოლად გადარჩა, აი, ნანუ კი გაუნძრევლად იწვა და მის მოედანზე მკურნალობას ათიოდ წუთი დასჭირდა. ამ პერიოდში ყველანი დაზაფრულები იყვნენ. პორტოს რამდენიმე მოთამაშეს ცრემლი მოერია, გუნდის მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო კი მინდორზე შეიჭრა და პარალელურად მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა, რის გამოც ყვითელი ბარათიც მიიღო.

საბოლოოდ, გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი გონზე მოვიდა, თუმცა, მოძრაობა მაინც უჭირდა. მას კისერიც დაუფიქსირეს, საკაცეზე განათავსეს და სასწრაფო მანქანამ წაიყვანა. ცხადია, მატჩი გაგრძელდა, თუმცა, თამაშის ხალისი ალბათ აღარავის ჰქონდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის უგოლოდ დასრულდა. მოგვიანებით პორტომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა:

“ნანუმ თავის ტვინის შერყევა მიიღო და ზურგის ტვინიც დაიზიანა. გონების დაკარგვა ამით იყო გამოწვეული. ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, ის გონზეა დროსა და სივრცეში ორიენტაციას ახერხებს. გამოკვლევებს, რომლებიც მას საავადმყოფოში ჩაუტარდა, კლინიკური ხარისხის ცვლილებები არ გამოუვლენია. ნანუ კლინიკაში მუდმივი დაკვირვების ქვეშ რჩება”.

რუსი მეკარე მეტოქეს მთელი ძალით შეასკდა

აღნიშნულ ეპიზოდს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსი გოლკიპერიც და აფრიკელ მცველს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ამასთან, მომხდარის ახსნასაც შეეცადა:

“პირველი და ყველაზე მთავარი: იმედი მაქვს, რომ ნანუ მოკლე ვადებში სრულიად გამოჯანმრთელდება და მალევე მინდორზე გასვლას შესძლებს. ვილოცებ, რომ ნანუსა და მის ოჯახს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ. მეორე: რადგანაც ინტერნეტში ბევრ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას ვიღებ, მინდა ეპიზოდი ავხსნა. მე, ნანუ და ჩვენი მცველი ბურთზე მივდიოდით. დავიყვირე კიდეც და მცველს რომ მივეშვი, უბრალოდ, ბურთზე პირველი ვიქნებოდი და მას მუშტებით მოვიგერიებდი, ანაც მეტოქე მე დამეჯახებოდა და ჩვენი ჯარიმა იქნებოდა. მგონი, ეს ვიდეოზეც კარგად სჩანს და VAR-მაც ასე განსაჯა. მესამეც: ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა ეს ნეგატიური კომენტარები შეწყდეს. მესმის, რომ ადამიანები აღშფოთებულები არიან, თუმცა, ეს სპორტია. მომხდარში არავის დადანაშაულება არ შეიძლება”.

ცნობისთვის, ნანუ პორტუგალიაშია დაბადებული და მთელი კარიერა ამ ქვეყნის გუნდებში აქვს გატარებული. თავდაპირველად, ის ბეირა მარში თამაშობდა, პორტოში გადასვლამდე კი, მარიტიმოში ირიცხებოდა. მას გვინეა-ბისაუს ეროვნულ ნაკრების მაისურით 4 მატჩში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები