Thumbnail

გოლდენ სტეიტს ამ მატჩისთვის მხოლოდ 9 კალათბურთელი ჰყავდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უორიორსს ლუკა დონჩიჩის დალას მავერიკსი ძალიან სოლიდური ანგარიშით, 147:116 დაემარცხებინა. კელი უბრე უმცროსმა 40 ქულა ჩააგდო. ორმოცი!

თუმცა დღის კაცი იყო დრეიმონდ გრინიც, რომელმაც 15 პასით კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მას 11 ქულაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი გამოუვიდა. როგორც ჩანს, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე გრინი განსაკუთრებით მოტივირებულია - უილტ ჩემბერლენისა და ნიკოლა იოკიჩის შემდეგ ის მესამე ნომინალური ცენტრია, რომელმაც თამაშში მინიმუმ 15 ასისტი შეასრულა.

მარტო მესამე პერიოდში მის ანგარიშზე 8 პასი გახლდათ. მისი ასისტებით განსაკუთრებით სარგებლობდნენ სტეფ კარი (28 ქულა, 9/17 თამაშიდან) და კელი უბრე, რომელმაც 40 ქულით (14/21 თამაშიდან, 7/10 სამიანი) კარიერის ახალი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მის აქტივშია ასევე ბრწყინვალე დაფარება ბობან მარიანოვიჩის წინააღმდეგ.

გოლდენ სტეიტმა ტყორცნების 57,3 პროცენტი ჩააგდო (22/43 სამქულიანი). დალასმა პირველ ტაიმში 15 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მეორე ნახევარში კი მხოლოდ 5 (ჯამში 50 მცდელობიდან).

ლუკა დონჩიჩმა მართალია, 27 ქულა (8/20 თამაშიდან, 6 პასი, 5 დაკარგვა) დააგროვა, მაგრამ მეორე ტაიმში თითქმის სრულიად გაქრა. კრისტაპს პორზინგისმა თავისი 25 ქულიდან 15 მესამე პერიოდში ჩააგდო. სკამიდან საუკეთესოები ჯეილენ ბრანსონი (18) და ტიმ ჰარდაუეი (19, 5/11 სამიანი) იყვნენ.

22 თამაშის შემდეგ, 12 გამარჯვებით და 10 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო მე-7 ადგილზეა. დალასს 9 მოგება და 14 წაგება აქვს - დონჩიჩის გუნდი იმავე კონფერენციაში უკვე ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ მინესტოას (5-16) უსწრებს. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები