Thumbnail
  • საქართველოს პირველი ჩოგანი მელბურნში ამერიკელ ტომი პაულს შეხვდება
  • შარშან ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე მხოლოდ პირველი წრე დასძლია

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იმ მეტოქის ვინაობა შეიტყო, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობის საწყის რაუნდში დაუპირისპირდება.

ბასილაშვილის მოწინააღმდეგე 23 წლის ამერიკელი ტომი პაული იქნება, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია, ეს კი, მისი კარიერის რეკორდს მხოლოდ 1 პოზიციით ჩამორჩება. ცნობისთვის, საქართველოს პირველი ჩოგანი კლასიფიკაციაში 39-ეა, 2019 წლის მაისში კი მსოფლიოში მე-16 ნომერიც კი იყო.

ბასილაშვილი პაულს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, 24-ე ნომრად განთესილ ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ტომი პაული მსოფლიოს 53-ე ჩოგანია

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი შარშან 26-ე განთესვით ჩაება და პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელ კვონ სუნ-ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 6:3 სძლია, შემდეგ კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 წააგო.

ბასილაშვილი მელბურნში ათიოდ დღის წინ ჩავიდა, Great Ocean Road-ის ღია ტურნირში მე-5 ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ესპანელ მარიო ვილელა მარტინესთან ორ სეტში (5:7, 3:6 ) წააგო. არადა, 25 წლის მარტინესი მსოფლიოს 188-ე ჩოგანია.

ნიკა ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი არაა, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ. ქალების წყვილთა ტურნირში იასპარეზებს ოქსანა კალაშნიკოვა, თუმცა, ის და მისი ესპანელი მეწყვილე ხეორხინა გარსია პერესი მეტოქეთა ვინაობას მოგვიანებით შეიტყობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები