Thumbnail
  • ანხელ დი მარიას მესის პსჟ-ში გადასვლის სჯერა
  • არგენტინელს რონალდ კუმანი პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა

ლიონელ მესის ბარსელონასთან მიმდინარე კონტრაქტი 5 თვეზე ნაკლებ დროში ეწურება და აქედან გამომდინარე მის მომავალზე საუბარი სულ უფრო აქტუალური ხდება. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ყველაზე ხშირად პარი სენ-ჟერმენთან აკავშირებენ და რაც ყველაზე მთავარია, ფრანგული გუნდის წარმომადგენლებიც არ მალავენ, რომ ტრანსფერის ალბათობა არსებობს.

ბოლოს ამის შესახებ მესის თანამემამულემ და მეგობარმა ანხელ დი მარიამ ისაუბრა. არგენტინელმა პირდაპირ თქვა, რომ დიდი შანსია, მესისთან ერთად პსჟ-ში ითამაშოს.

"იმედი მაქვს პსჟ-სთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ, ამაზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ ჩემს მდგომარეობაზე და პარიზში დარჩენაზე, რადგან აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მესი პსჟ-ში? დიახ, იმედი მაქვს და მგონია, რომ ამის დიდი შანსი არსებობს", - აღნიშნა დი მარიამ.

მესი და დი მარია წლებია არგენტინის ნაკრების ლიდერები არიან

ანხელ დი მარიას ამ განცხადებას რონალდ კუმანმა ესპანეთის სამეფო თასზე გრანადასთან დრამატული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე უპასუხა და პარიზული გუნდის წევრები უპატივცემულობაში დაადანაშაულა:

"მათი მხრიდან უზარმაზარი უპატივცემულობაა საუბარი ფეხბურთელზე, რომელიც ბარსას ეკუთვნის. ეს არ არის სამართლიანი და არც იმ ფეხბურთელის მიმართ გამოხატავენ პატივისცემას, რომელიც ჯერ კიდევ ბარსაშია. და, ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც 2 კვირაში ერთმანეთს ვეთამაშებით", - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ბარსელონას დატოვება შარშანაც სურდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და კლუბში დარჩენა კონტრაქტის ბოლომდე გადაწყვიტა, რომელიც 30 ივნისს იწურება. ბარსელონა და პარი სენ-ჟერმენი სულ მალე (16 თებერვალს და 10 მარტს) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.

📺 გრანადა 3:5 ბარსელონა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები