Thumbnail

რუსეთის სარაგბო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი ნერუში, რომლის გაწვრთნილი გუნდიც “ბორჯღალოსნების” მეტოქე არაერთხელ ყოფილა, რამდენიმე დღეში თბილისში დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეტოქეები თამაშს კარდინალურად განსხვავებულ ვითარებაში ხვდებიან.

ნიკოლაი ნერუში: “როგორც ცნობილია, მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება და რუს მორაგბეებზე ზეწოლა შედარებით ნაკლები იქნება, თუმცა, ამაზე აქცენტს ნამდვილად არ გავაკეთებდი. ჩემი აზრით, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები თამაშს განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან. საქართველო “შემოდგომის ერთა თაზე” მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან ბრძოლების შემდეგ სრულიად სხვა გუნდია. და ეს, მიუხედავად იმისა, რა შემადგენლობას შეკრიბავენ და როგორ მოემზადებიან. ცვლილებები შეეხო რუსეთის ნაკრებსაც, რომელსაც ძალიან გადახალისებული შემადგენლობა ჰყავს. ფაქტობრივად, ეს ახალი გუნდია, რომელსაც საერთო აღარაფერი აქვს 2019 წლის მსოფლიო თასის ნაკრებთან და მგონი, შარშანდელ შემადგენლობასაც აღარ ჰგავს. ჩვენი განახლებული ნაკრებისთვის, ეს, გარკვეულწილად დებიუტია, გამომცდელად კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერესი ნაკრები გვერგო. ასე რომ, დავაკვირდებით, რუსეთის ნაკრები რისი მაქნისია, მზადაა თუ არა ასეთი დონის მეტოქის ზეწოლას გაუძლოს, ახალბედებმა კი თავის გამოჩენა მოახერხონ.

სხვა საქმეა, რომ რუსეთის ნაკრების მდგომარეობას კიდევ ერთი პრობლემა ართულებს. საქართველოს ჩემპიონატში სეზონი იანვარშიც კი არ წყდება, საფრანგეთში თამაშობენ ქართველი ლეგიონერებიც, რუს მორაგბეებს კი პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ. შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზეც რომ გადავიდეთ, კლიმატური პირობების გამო, ნოემბერში მაინც ვერ ვითამაშებთ. ამდენად, დღეისთვის საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები სათამაშო ტონუსის მხრივ სხვადასხვა პოლუსებზე იმყოფებიან. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინ, ტესტ-მატჩებისთვის მეტოქეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებოთ, თუმცა, პანდემიის გათვალისწინებით, ესეც შეუძლებელია. საქართველოში სხვა სიტუაციაა. დიდი 12 გრძელდება, მათი ლეგიონერებიც მუდმივად თამაშობენ, გასულ შემოდგომაზე კი ნაკრებმა უდიდესი გამოცდილება მიიღო. ასე რომ, მომავალი მატჩისთვის მეტოქეების მზადების დონე სრულიად სხვადასხვაგვარია”.

ნიკოლაი ნერუშის აზრით, მეტოქეები მატჩს სხვადასხვა პოლუსებზე მყოფნი ხვდებიან

ნერუში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2008-11 წლებში იყო და პირველი სპეციალისტი გახდა, რომელმაც გუნდი მსოფლიო თასზე გაიყვანა. ახალ ზელანდიაში 2011 წელს გამართულ ტურნირზე რუსებმა ოთხივე მატჩი წააგეს, თუმცა, 8 ლელო დადეს და დებიუტანტი ქვეყნებისთვის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო და ახლა, 7 თებერვალსაა დაგეგმილი. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები