Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის კალათბურთელი დუდა სანაძე სერბეთში იმყოფება და ჩაჩაკის ბორაცის მაისურით ადრიატიკის ლიგაში დებიუტისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ განცხადება სერბული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მარკო მარინოვიჩმა გააკეთა.

“FMP-სთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის და კარგია, რომ ამ თამაშის წინ ახალი კალათბურთელი დაგვემატა. დუდა სანაძის ტრანსფერი მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც რადოვან ჯოკოვიჩი დაშავდა. ამ კალათბურთელზე დიდ იმედებს ვამყარებდით და ძალიან სამწუხაროა, რომ გამოგვაკლდა. ჯოკოვიჩის ტრავმის შემდეგ იძულებულები ვიყავით სწრაფად გვემოქმედა და არჩევანი სანაძეზე შევაჩერეთ. ის იმავე პოზიციაზე თამაშობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს ადეკვატურად შემცვლის”.

დუდა სანაძე ბორაცში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ცნობისთვის, ბორაცს ასევე სერბულ FMP-სთან საშინაო დაპირისპირება 5 თებერვალს ელის. ამ დროისთვის, ჩაჩაკელებს 15 ტურში 4 მოგება აქვთ და 14-გუნდიან ადრიატიკის ლიგაში მე-12 პოზიცია უკავიათ, FMP კი მათ 1 გამარჯვებით უსწრებს. ამ გუნდების მთავარი მიზანი ისაა, რომ ტურნირზე მე-13 პოზიციაზე გასვლასა და შესაბამისად, დასარჩენ პლეი-ოფში თამაშს გადაურჩნენ.

შეგახსენებთ, რომ დუდა სანაძე საქართველოს ეროვნულ გუნდში 2013 წლიდან თამაშობს, საკლუბო დონეზე კი ბოლოს ყატარულ ალ ხორში ასპარეზობდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 24.1 ქულა, 5.5 მოხსნა და 3.6 პასი იყო. კარიერის განმავლობაში სანაძეს პრიმორსკას (სლოვენია), პისტოიას (იტალია), გიპუზკოას (ესპანეთი), როსა რადომის (პოლონეთი), ფუენლაბრადასა (ესპანეთი) და ოლივეირენშეს (პორტუგალია) რიგებშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები