Thumbnail

ესპანური ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სულაც აღარაა დარწმუნებული, რომ გუნდის მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს. ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს The Athletic ავრცელებს:

“დარჩება თუ არა მესი ბარსელონაში? ამაში დარწმუნებული არ ვარ. ცხადია, ამის იმედი მაქვს, რადგანაც ის დიდებული ფეხბურთელია და ამ დრომდე თამაშებს სწორედ ჩვენთვის იგებს. ვარჯიშებზეც კი მის ქმედებებზე დაკვირვება დიდი ბედნიერებაა. ლეო ბარსელონაში რომ მოვიდა, სულ მთლად ბავშვი იყო. მისი სხვა კლუბის მაისურით წარმოდგენა მიჭირს”.

ცოტა ხნის წინ ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლეო მესიმ ბარსელონასგან 4 წლის განმავლობაში 555 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ არგენტინელი ფორვარდი მისი კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების გამო კლუბის ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. არგენტინელი ვარსკვლავი ესპანური გრანდის დატოვებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა, ბოლოს ბარსაში დარჩა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში მისი მონაგარი 15 გოლი და 6 საგოლე პასია. მესის გადაბირებით ყველაზე სერიოზულად ინგლისური მანჩესტერ სიტი და ფრანგული პსჟ არიან დაინტერესებულნი.

კომენტარები

ბოლო ამბები