Thumbnail

ხორვატიის ნაკრების მცველი: ხვიჩა რომ ბრაზილიელი იყოს, უკვე რეალში იქნებოდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახცევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტსა და შესაძლებლობებზე საუბარს მისივე თანაგუნდელებიც არ ერიდებიან. ამჯერად ქართველ ფეხბურთელზე ხორვატიის ნაკრების მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა ისაუბრა, რომელიც რუბინის კაპიტანია.

ურემოვიჩმა რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ვრცლად კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ურემოვიჩის აზრით, ქართული და ხორვატული პასპორტი ფეხბურთელისთვის დამაბრკოლებელია 

"რუბინში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. იგივე ხვიჩა, რომელიც დიდი ტალანტია. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და სულ მალე ევროპის დიდ კლუბში ითამაშებს.

მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი. მაგრამ რაც მთავარია, მას კარგად ესმის ფეხბურთი. არიან მოთამაშეები, რომლებიც ასევე ფლობენ დარტყმას, არიან სწრაფები, მაგრამ თამაშს ვერ ვგრძნობენ და არ აქვთ კარგი სათამაშო ინტელექტი. ხვიჩას კი ქვს. ეს ღვთისგან არის ბოძებული.

პირველად ის ყაზანში, ამხანაგურ მატჩში ვნახე. მაშინვე ვთქვი, რომ მას კარგი მონაცემები ჰქონდა და ტალანტი იყო. მივხვდი, რომ გამორჩეული მოთამაშე იყო. ამას მაშინვე მივხვდი, უბრალოდ, არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ქართველი. 

საერთოდ კი, ხვიჩა რომ ბრაზილიელი ან ესპანელი ყოფილიყო, უკვე რეალსა თუ ბაიერნში იქნებოდა. ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა. იქ ხომ მოქალაქეობას უყურებენ. ევროპაში სკაუტი, აგენტი თუ პრეზიდენტი უპირატესობას უწინ ესპანელსა თუ არგენტინელს მიანიჭებს, ვიდრე იმ მოთამაშეს, რომელსაც რუსული, ხორვატული თუ ქართული პასპორტი აქვს. 

ასეთია თანამედროვე რეალობა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ხვიჩას ყველაფერი გამოუვა და ევროპაში დიდ კარიერას გაიკეთებს", - ამბობს 23 წლის ურემოვიჩი, რომელსაც ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერად სწრაფად იქცა

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა.

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შეძენით, რომელსაც პორტალი Transfermarkt ამჟამად 10 მილიონ ევროდ აფასებს, რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება.

კომენტარები

ბოლო ამბები