Thumbnail

ყველაზე მკაცრი ოლიმპიადა - ქცევის წესები სპორტსმენებისთვის ტოკიოში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პანდემიის გამო, ტოკიოს თამაშებზე სპეციალური რეგულაციები დაწესდება
  • ორგანიზატორებმა ოლიმპიადაზე ქცევის წესების პირველი ვერსია შეიმუშავეს
  • არავითარი ინტიმი, ხელის ჩამორთმევა თუ გამამხნევებელი შეძახილები

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ზაფხულში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებისთვის ქცევის წესების პირველი ვერსია შეიმუშავეს. წესების შემოღების მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებაა.

ოლიმპიადის მონაწილეებმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯანდაცვის ორგანოებს ინფორმაცია სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით უნდა მიაწოდონ. ამასთან, სპორტსმენები ვალდებულნი იქნებიან, წარმოადგინონ ახლო კონტაქტების სია. 
 
ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებისთვის კოლეგებთან ფიზიკური კონტაქტი შეზღუდული იქნება. მათ მოუწევთ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რაც სხვასთან ერთად, ინტიმურ სიახლოვესაც გამორიცხავს.

ათლეტებს არ შეეძლებათ შეჯიბრებებზე მაყურებლების რანგში დასწრება. მათთვის ასევე აკრძალული იქნება ბარებსა და ტურისტულ ადგილებში პირველი 14 დღის განმავლობაში სტუმრობა. 

სპორტსმენებს ტოკიოში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჰქონდეთ COVID-19-ზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი, შემდეგ კი რეგულარულად უნდა შემოწმდნენ კორონავირუსზე. თამაშებში მონაწილეობისთვის სპორტსმენებისთვის აუცილებელი იქნება აცრა. 

უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში, სპორტსმენის თამაშებიდან მოკვეთა დაემუქრებათ.

გულშემატკივრებისთვის კი, სხვასთან ერთად, აკრძალული იქნება სიმღერა თუ სკანდირება სპორტსმენების მხარდასაჭერად. რეკომენდებულია ტაშის დაკვრა.

შეგახსენებთ, რომ ტიკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშები ერთი წლით გადავადდა და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ტოკიოს თამაშები პირველია ოლიმპიადების ისტორიაში, რომელიც მშვიდობიან პერიოდში გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები