Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების ექს-გოლეადორი მილანში იმუშავებს
  • მიროსლავ კლოზეს სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი გეგმები აქვს

მიროსლავ კლოზე სამწვრთნელო განათლების მიღებას განაგრძობს. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (16 გოლი მუნდიალებზე) პრაქტიკის ახალ კურსს მილანში გაივლის. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს მილანში პრაქტიკა შარშანაც უნდა გაევლო, მაგრამ მიუნხენის ბაიერნის სამწვრთნელო შტაბის წევრს ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

“მალე ლიცენზიას მივიღებ და ევროპის ქვეყნების უმაღლეს ლიგებში მუშაობა შემეძლება, - აცხადებს 42 წლის კლოზე, - განათლების 5-წლიანი ფაზის დასრულებასთან ახლოს ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ამ პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე როგორც გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვთან მუშაობით, ისე ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში ყოფნით. წინ გეგმის მიხედვით, ნელ-ნელა მივიწევ - ზუსტად ისე, როგორც ფეხბურთელობის დროს.”

კლოზე ფლიკის ასისტენტია და ბაიერნის თავდამსხმელებს ავარჯიშებს 

მილანში კლოზე ‘როსონერის’ მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის მუშაობას დააკვირდება და ყოველდღიურად ექნება შეხება ისეთ სუპერვარსკვლავთან, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია. 

მიროსლავ კლოზე სამწვრთნელო განათლებას 2016 წლიდან იღებს. გერმანიის ნაკრების ყოფილი გოლეადორი ბაიერნში 17-წლამდელთა გუნდის დამრიგებელიც იყო, ახლა კი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ასისტენტია და მიუნხენური გრანდის თავდამსხმელები ჰყავს ჩაბარებული.

ლიცენზიის აღების შემდეგ მირო კარგ წინადადებებს დაელოდება

“ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო, მერე კი წინადადებებს დაველოდები. მთავარია, გამოცდილება დავაგროვო, რათა მერე ნებისმიერი გუნდის კარგად ხელმძღვანელობა შევძლო,” - ამბობს კლოზე.

იტალიაში მას კარგი კონტაქტები აქვს. შეგახსენებთ, რომ 2011-დან 2016 წლამდე კლოზე რომის ლაციოს თავდამსხმელი იყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები