Thumbnail

U20 | საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური ვალმიერა 81:80 დაამარცხა
  • ევროპის ახალგაზრდული ლიგის ოთხთა ფინალს თბილისმა უმასპინძლა

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი გახდა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ლატვიური ვალმიერა დაამარცხა და ევროტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 14 მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველებთან ერთად ოთხთა ფინალში გავიდნენ ლატვიური ვალმიერა, პოლონური ვლადსლავოვო და ბელარუსული ცმოკი-მინსკი. ოთხთა ფინალი თბილისში გაიმართა.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ლატვიელები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა გადამწყვეტ მომენტში მოახერხეს მობილიზება და 81:80 დაამარცხეს მეტოქე.

საქართველოს ნაკრების რიგებში 21 ქულით და 10 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ დარბაიძე იყო, 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა აქტივში ალექსანდრე ფევაძემ, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 15 ქულაა, 8 პასი და 4 მოხსნაა.

ფინალურ მატჩამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის ბრძოლა, რომელშიც ცმოკი-მინსკმა 85:64 დაამარცხა ვლადსლავოვო.

ფინალური მატჩის შემდეგ, დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ოთხთა ფინალის საუკეთესო მწვრთნელი ვალმიერას თავკაცი ალვილს კაუფმანისი გახდა, ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი კი ამავე გუნდის მოთამაშე ვალტერს ლიეპინსი. ოთხთა ფინალის სიმბოლურ ხუთეულში ორი ქართველია: ლუკა ბულაშვილი და გიორგი კორსანტია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები