Thumbnail
  • თანამედროვე კრივს ბევრი აკრიტიკებს - ჩვენ MMA-ს შევადარეთ
  • 10 ისეთი ამბავი გამოვყავით, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებს უპირატეობას ანიჭებს

“კრივი კვდება...“ - ამ ფრაზით იწყება 2008 წელს, MMA-ის მიმომხილველის და პოდკასტის წამყვანის - ჯო როგანის ცნობილი დებატი კრივის და შერეული ორთაბრძოლების შედარების შესახებ.

დებატებში როგანს კრივის პრომოუტერი ლუ დიბელა დაუსვეს, რომელმაც MMA მამლების ჩხუბს შეადარა - ადამიანის ფორმებით. „იცით, კრივი რას ჰგავს? ორი კაცი შეიკრიბა, ჩხუბი გადაწყვიტეს და რატომღაც მარტო ხელებს იქნევენ...“ - პასუხობდა გამწარებული როგანი.

როგანი ამბობდა, რომ მაშინ ცნობილი მოკრივეების შემდეგი თაობა ისეთივე ცნობილი აღარ იქნებოდა და 12 წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასეც არის - 3 მძიმეწონოსანის მიღმა, დღეს მეინსტრიმი კანელოს გარდა, ქვევით ალბათ არავის იცნობს.

„თქვენ სპორტს MMA გადაყლაპავს...“ - ასე დაასრულა როგანმა დებატები და ლუ დიბელას სათქმელი თითქმის აღარ დაუტოვა. ქვემოთ მოყვანილი ათეულით შევეცდებით, ეს 12 წლის მანძილზე დაგროვილი უპირატესობები განვსაზღვროთ და როგანის პოზიცია გავამართლოთ.

#1 UFC და დანა უაითი

„ის შეიძლება გძულდეს, ან გიყვარდეს… მაგრამ უნდა აფასებდე! ეს სპორტი ამ კაცმა შექმნა!“ - ამ სიტყვებით მიულოცა ხაბიბმა 24 იანვარს დანას დაბადების დღე. ხაბიბი თუ შენზე ამას ამბობს, ალბათ დასამატებელიც ბევრი არაფერია გარდა იმისა, რომ კრივის გარშემო, ბოლო 30 წელია ასეთი კაცი არ მუშაობს, საუბარი აღარ გვაქვს UFC-ის მსგავს ორგანიზაციაზე.

#2 ძლიერი ყოველთვის ძლიერთან ჩხუბობს

MMA-ში თუ ქამარს ფლობ და ფორმის პიკში ხარ, შენი ტვიტერზე სერფინგი, პრომოუტერის მანევრები და დაუსრულებელი მიზეზები, მათ შორის კონტრაქტების ფრიალი ვერ გიშველის - შენს უკან, შენზე მშიერი კაცი დგას და ვალდებული ხარ, ეჩხუბო.

#3 მოჭიდავეც შეიძლება გახდეს მილიონერი

კრივი ერთადერთი ძალისმიერი სახეობა არ გახლავთ, მაგრამ დიდხანს ერთადერთი იყო, სადაც მილიონებს იხდიდნენ. ახლა, MMA-ის საშუალებით, სამბისტებით და გრეპლერებით დაწყებული, ოლიმპიელებით დამთავრებული, თავის გამოჩენის საშუალება უკვე ყველას მიეცა და ამ სამყაროში, მხოლოდ მუშტის მოქნევა საკმარისი არ არის.

#4 უამრავი მსოფლიოს ჩემპიონი

კრივის სივრცეში ბევრი ორგანიზაცია ტივტივებს - WBO, WBA, WBC, IBF, IBO და ა.შ. ყველა ამ ორგანიზაციას 17 დივიზიონში საკუთარი ჩემპიონი ჰყავს და ახლა გადათვალეთ, რამდენ კაცს შეუძლია უწოდოს თავის თავს ‘მსოფლიოს ჩემპიონი’. მაგრამ MMA-ში ერთი მეფეა - UFC და სტრაიკ ფორსის, ან ბელატორის ჩემპიონი თავს ‘მსოფლიოს ჩემპიონს’ ვერ უწოდებს.

#5 გადაწყვეტილებით მოგება

MMA-ში თუ საქმე გადაწყვეტილებამდე მივიდა, იშვიათად, რომ მაყურებელს, მსაჯების გარეშე გაუჭირდეს გამარჯვებულის დასახელება. აი, კრივში, სადაც 12-რაუნდიანი მარათონი სრულდება, ხშირად ძნელია გაიგო, რა მოხდა და მსაჯების იმედად რჩები, რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებენ და 50% შემთხვევებში მერე მთელი თვე ამის განხილვაზეა საუბარი.

#6 ცენტრალიზებული მარკეტინგი

UFC-ის ტიპის გაშუქების კომფორტული სისტემა, სოციალურ ქსელებში აქტივობის დისციპლინა და კონტენტის ხარისხი ალბათ კრივის არცერთ ორგანიზაციას არ დაესიზმრება. ეს ყველაფერი კი, ახალგაზრდა კაცისთვის პროდუქტს უფრო ხელმისაწვდომს ხდის - გენადი გოლოვკინზე თუ არაფერი იცი, MMA პოდკასტების და UFC-ის მარკეტინგის დეპარტამენტის დახმარებით - კამარუ უსმანი ფაქტობრივად შენი უბნელია.

#7 კომპლექსურობა

თუ კრივში რინგის გარშემო მოძრაობ, შეტევას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებ, როგორც დაცვას და თუ კაცს მარტო თავში და კორპუსში უმიზნებ... MMA-ში ბრძოლამ შესაძლოა ათასნაირი განვითარება ჰპოვოს - მახრჩობელა, ფეხში შესვლა, ფეხის გამოყენება და მერე ამ ყველაფრისგან თავდაცვაც შენი საფიქრალია.

#8 წონითი დივიზიონები

კრივში 17 წონითი დივიზიონი არსებობს, რაც მოკრივეთა სეგრეგაციას და მარტივად რომ ვთქვათ, სტრუქტურულ ქაოსს იწვევს. MMA-ში 8 დივიზიონია და ყველაფერი მარტივად გასაგებია. შესაბამისად, ჯო კალზაგის პრეცენდენტი MMA-ში არ არსებობს, კაცი დაუმარცხებელი წავიდა, მაგრამ კრივის მოყვარულების გარდა არვინ იცნობს არაპოპულარული დივიზიონის გამო, სადაც თითქმის მთელი კარიერაა გაატარა.

#9 ქალთა ჩართულობა

ქალთა შორის ორთაბრძოლებს, UFC 2013 წლიდან მასპინძლობს და ძალისმიერ სპორტებში თუ სადმე გენდერს ასეთი ყურადღება ეთმობა, პირველ რიგში, ალბათ MMA-ში - ამანდა ნუნეში, ჰოლი ჰოლმსი და რონდა როუზი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან.

#10 მტკივნეული ილეთი

კრივი უფრო აკადემიური და სუფთა სპორტულ პრინციპებზე აგებული სახეობაა, სადაც ‘საბმიშენის’ ნაირი იარაღი არ არსებობს. მახრჩობელა ილეთის გამოყენება და ამით ბრძოლის დასრულების შესაძლებლობა ბრძოლას გაცილებით საინტერესოს და დაძაბულს ხდის - ყოველთვის არსებობს იმის განცდა და მოლოდინი, რომ ‘საბმიშენინებისმიერ დომინანტურ ბრძოლას შემოატრიალებს. 

თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა შეცვალონ თანამედროვე კრივში? გვითხარი კომენტარებში 👇

კომენტარები

ბოლო ამბები