Thumbnail

ქართველ ლეგიონერთა დიდი ნაწილი იანვარში ოფიციალურ მატჩებს არ ატარებს - რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყენბში და სკანდინავიაში შესვენებაა. თუმცა ევროპულ ქვეყნებში ჩემპიონატები უკვე მიმდინარეობს. ასე რომ, ქართული გოლები წლის პირველ "არასაფეხბურთო" თვეშიც გავიდა. 

"პოპსპორტმა" წლის დასაწყისში შემოგთავაზათ 2020 წლის მთავარი მეგოლეები ქართულ ფეხბურთში. 16 გოლით პირველ ადგილზე გავიდა ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ პერსპექტივაში არის ქართველი ფორვარდი. მეორე-მესამე ადგილზე 11-11 გოლით ეროვნული ლიგის გოლეადორები გიორგი ფანცულაია და ირაკლი სიხარულიძე გავიდნენ. 

იანვარში 15 ქართული გოლიდან 4 ქვილითაიამ გაიტანა

დიდი ალბათობით, 2021 წელი ამ მხრივ, უკეთესი იქნება, რადგან იანვარში ლეგიონერთა ნაწილმა ძალიან კარგად ითამაშა. განსაკუთრებით კი გიორგი ქვილითაიას გამოვყოფთ.

გიორგი ქვილითაია - 5 თამაში, 4 გოლი
ანორთოსისი (კვიპროსი). 27 წლის
საშუალოდ 0.80 გოლი მატჩში
€1 800 000

ბელგიური გენტიდან იჯარით თემურ ქეცბაიას გუნდში გადასვლა გიორგი ქვილითაიას ძალიან წაადგა. ახალ სეზონში გიორგის 19 მატჩში 12 გოლი (13 ევროთასების ჩათვლით) აქვს გატანილი, აქედან 4 მოდის იანვარზე. თანაც, მან ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა. მართალია, 4-დან სამი გოლი პენალტის ნიშნულიდან, მაგრამ ორ შემთხვევაში პენალტი თავად ქართველმა ფორვარდმა მოიპოვა. 3 იანვარს დაწყებული სერია მხოლოდ 24-ში შეწყდა, როცა ანორთოსისმა აპოელ-თან 0:0 ითამაშა. 

სხვათა შორის, სწორედ გიორგი ქვილითაიამ გაიტანა ქართველი ლეგიონერებიდან პირველი გოლი თებერვალში. 

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი ოლიმპიაკოსის კარში

დავით ვოლკოვი - 2 თამაში, 3 გოლი, 2 პასი
ზირე (აზერბაიჯანი). 25 წლის
საშუალოდ 1.50 გოლი მატჩში
€450 000

25 წლის ფორვარდს არათუ ეროვნულ ნაკრებში, არც ერთ ასაკობრივ გუნდში არ უთამაშია, რაც ცოტა უცნაურია. აზერბაიჯანის ჩემპიონატში ის ზირეს შემადგენლობაში კარგად თამაშობს, მისი გუნდიც ლიდერებშია. 2020/21 წლების სეზონში ვოლკოვის ანგარიშზე სულ 7 გოლია (5 ჩემპიონატში, 2 თასზე). იანვარში მას საოცარი შედეგიანობა ჰქონდა - სულ ორი მატჩი ითამაშა (ტაიმ-ნახევარი ჯამში) და 3 გოლი და 2 ასისტი მიითვალა!

ბაჩანა არაბული - 8 თამაში, 2 გოლი, 1 პასი
ლამია (საბერძნეთი). 27 წლის
საშუალოდ 0.25 გოლი მატჩში
€450 000

მართალია, არაბული აუტსაიდერ გუნდშია, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში, საბერძნეთის სუპერ ლიგაში იანვარში 2 გოლი გაიტანა - არისთან დუბლი მიითვალა. 

ბუდუ ზივზივაძე - 3 თამაში, 1 გოლი, 3 პასი
ფეჰერვარი (უნგრეთი). 
საშუალოდ 0.33 გოლი მატჩში
€750 000

საშუალოდან უნგრეთის ჩემპიონატში ერთ-ერთ ძლიერ გუნდში გადავიდა, მაგრამ გოლების გატანა ფეჰერვარშიც გააგრძელა. ბუდუს უნგრეთის ჩემპიონატში ამ სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი, ორიც თასზე. იანვარში გიორგი ბერიძის უიპეშტთან მან ბენეფისი მოიწყო - გოლი გაიტანა და 3 (!) საგოლე პასიც გააკეთა 5:0 მოგებულ შეხვედრაში. 

📺 ბუდუ ზივზივაძის გოლი და საგოლე პასები უიპეშტთან

სხვები, რომელთაც იანვარში შეტევაში თავი გამოიჩინეს

გიორგი ბერიძე - 2 თამაში, 1 გოლი

ოთარ კიტეიშვილი - 4 თამაში, 1 გოლი 

ლევან შენგელია - 6 თამაში, 1 გოლი, 1 პასი

ირაკლი მაისურაძე - 6 თამაში, 1 გოლი

ლუკას ჰუფნაგელი - 7 თამაში, 1 გოლი

საბა ლობჟანიძე - 7 თამაში, 4 პასი

ნიკა ნინუა - 2 თამაში, 1 პასი

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლი ჰარტბერგის კარში

როგორც ხედავთ, ანკარაგიუჯუში მოთამაშე საბა ლობჟანიძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ 4 ასისტი მიითვალა, მათ შორის სამი ერთ მატჩში ალანიასპორთან. ქართული გოლები გავიდა უნგრეთის ჩემპიონატში, ავსტრიის ბუნდესლიგაში, თურქულ სუპერ ლიგში, კვიპროსის პირველ დივიზიონში და გერმანიის მე-3 ლიგაში.  

📺 საბა ლობჟანიძის საგოლე პასები ალანიასპორთან

საინტერესო ფაქტები

⚽ გიორგი ქვილითაიას საგოლე სერია 3 იანვრიდან 24 იანვრამდე გაგრძელდა - ზედიზედ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

⚽ დავით ვოლკოვმა იანვარში 2 ოფიციალური მატჩი ითამაშა და ორივეში შეძლო, როგორც გატანა, ისე საგოლე პასის გაკეთება. 

⚽ იანვარში 2 ქართული დუბლი (ვოლკოვი, არაბული) შესრულდა.

⚽ ბუდუ ზივზივაძემ იანვარში ერთ მატჩში გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მატჩში 3 ასისტი შეძლო საბა ლობჟანიძემაც.

⚽ იანვარში ქართველმა ლეგიონერებმა ჯამში 15 გოლი გაიტანეს

⚽ მათ ანგარიშზეა 12 საგოლე პასიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები