Thumbnail

ფუსტალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს თბილისის ოლიმპიურ სასახელში უმასპინძლა და, სამწუხაროდ, 0:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):"პირველ რიგში, მინდა ჩვენს გულშემატკივარს ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოვუხადო, მაგრამ მე ყველას ვპირდები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შეცდომების გამოსასწორებლად და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. აქამდეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქმე ძალიან მაღალი კლასის გუნდთან გვქონდა და ფუტსალში ძალიან ძნელია ასეთი დონის გუნდთან თამაში. გამოჩნდა კიდეც, რომ კლასით ჩვენზე მაღლა იყვნენ. თუმცა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მომდევნო ორი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდს მე-2 ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია".

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ ტურში საფრანგეთთან ფრე ითამაშა (4:4), შედეგად, 1 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ჯგუფს რუსეთის ნაკრები უდანაკარგოდ ლიდერობს და თანაც ისე, რომ ორ მატჩში ერთი ბურთიც არ მიუღია (სომხეთთან 6:0, საქართველოსთან 4:0). სომხეთის ნაკრები საფრანგეთთან მეორე ტურის მატჩს 3 თებერვალს გამართავს. საქართველოს ნაკრები კი მომდევნო მატჩს 5 მარტს, თბილისში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

📺 საქართველო 0:4 რუსეთი [მიმოხილვა]

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, საიდანაც ერთი ადგილი მასპინძელ ნიდერლანდებს უკვე გარანტირებული აქვს. შესარჩევი ციკლში 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გავა, ხოლო ორი უარესი მეორეადგილოსანი ერთმანეთს ორრაუნდიან პლეი ოფში შეხვდება და დარჩენილ ერთ საგზურს გაითამაშებს. ევროპის ჩემპიონატს ნიდერლანდების ორი ქალაქი, ამსტერდამი და გრონინგენი 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები