Thumbnail
  • ოქსანა კალაშნიკოვა Grampians Trophy-ზე წყვილთა ბადეს გამოეთიშა
  • ქართველი ჩოგბურთელი ბოლო წამს ერთეულთა ბადეში დაუშვეს

30 წლის ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში ძლიერი ჩოგბურთელია, ის მსოფლიოს რეიტინგში 63-ე პოზიციაზეა, რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, ოქსანა 2016 წლის მერე რეიტინგშიც აღარ არის და 4 წლის განმავლობაში სულ სამი მატჩი აქვს გამართული, თუმცა ახლა მელბურნში მოულოდნელი შანსი მიეცა...

საქმე ისაა, რომ ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, მან დაასრულა კარანტინი და მელბურნში Grampians Trophy-ზე შეიტანა განაცხადი, რომელიც WTA-ს 500-იანი სერიის ტურნირია. წყვილებში მისი და ესპანელი ხეორხიანა გარსია-პერესის დუეტი უკვე დამარცხდა პირველ წრეში - მაიერსთან და პოპოვიჩთან 1:6, 2:6 დამარცხდნენ.

მაგრამ ამით ოქსანას თამაში  Grampians Trophy-ზე არ დასრულებულა - ერთეულებში თამაშზე უარი უკანასკნელ მომენტში ბიანკა ანდრეესკუმ თქვა და ალტერნატიული სიიდან ოქსანა კალაშნიკოვა ძირითად ბადეში ჩაჯდა! ის 1/16 ფინალში მსოფლიოს 72-ე ჩოგან სორანა კირსტეას (რუმინეთი) ხვდება და თუ გაიმარჯვებს, მეორე წრეში მე-2 ნომრად განთესილ ბელინდა ბენჩიჩს (შვეიცარია, 12) შეხვდება. კალაშნიკოვა კირსტეას 3 თებერვალს (თბილისის დროით, 06:30-ზე) ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვას კარიერის საუკეთესო მიღწევა წყვილებში 43-ე პოზიციაა. მან კარიერაში $787 896 გამოიმუშავა და WTA-ს ტურნირებზე 4 ტიტული (ყველა წყვილებში) მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები