Thumbnail

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლუის სუარესის შესახებ ილაპარაკა, რომელიც გასულ ზაფხულს გუნდიდან გაუშვა. "ელ პისტოლერო" ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მადრიდის ატლეტიკოს ლიდერია.

კუმანი მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს, მაგრამ სინანულით თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, სუარესს კონტრაქტი იუვენტუსთან გაეფორმებინა, ვიდრე ატლეტიკოსთან.

"ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია. კლუბთან საუბრობ და როდესაც მე ბარსელონაში მივედი, ჩემი მოსაზრებები მქონდა. ჯერ კლუბისგან მივიღე ინფორმაცია სიტუაციის შესახებ, შემდეგ კი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ზოგჯერ ეს საჭიროა. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, ლუის სუარესი იუვენტუსში გადასულიყო და არა ატლეტიკოში, რადგან ისევ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით. ეს რთული არჩევანი იყო, თუმცა მთავარი გახლდათ მოთამაშისადმი პატივისცემა გვეჩვენებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მაინც ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რაც იმ მომენტში მივიღეთ", - თქვა კუმანმა.

ლუის სუარესს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და მისი დიდი წვლილით ატლეტიკო სატურნირო ცხრილს 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი მადრიდულ გუნდამდე იუვენტუსში გადადიოდა, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ტრანსფერი არ შედგა. ლუისს იტალიის მოქალაქეობის მიღება სჭირდებოდა, რათა ტურინულ გრანდს მისი ტრანსფერი დაერეგისტრირებინა და ამ მიზნით, ის იტალიური ენის გამოცდის ჩასაბარებლად პერუჯის უცხოელთა უნივერსიტეტსაც ეწვია. ამ თემაზე სკანდალი დღემდე გრძელდება, რადგან გაირკვა, რომ სუარესმა საგამოცდო ტესტის პასუხები წინასწარ იცოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები