Thumbnail

ახალი დეტალები მესის კონტრაქტიდან - კატალონიური ენა, წასვლის უფლება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბოლო დღეებში ესპანური სპორტულ მედიაში ერთ-ერთი მთავარი თემა ლიონელ მესის კონტრაქტის დეტალებია, რომელიც არგენტინელ ვარსკვლავს ბარსელონასთან აკავშირებს. 33 წლის თავდამსხმელს კატალონიურ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, რომელიც 2017 წელს გაფორმდა.

გამოცემა El Mundo-მ სააშკარაოზე ამ ხელშეკრულების აქამდე უცნობი პუნქტები გამოიტანა, რომლის თანახმად, მესიმ "ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს კატალონიურ საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის". არგენტინელი ვალდებულია, პატივი სცეს და მიიღოს იქაური კულტურული ფასეულობები, განსაკუთრებული ყურადღება კი კატალონიური ენის შესწავლას დაუთმოს. 

მესიმ ბარსელონასთან 4-წლიანი კონტრაქტი 2017 წლის ნოემბერში გააფორმა

სხვათა შორის, კატალონიური ენის შესწავლასთან დაკავშირებით პუნქტი ბარსას არაერთი მოთამაშის კონტრაქტშია შეტანილი. ამასთან, არსებობს პუნქტები კლუბის საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის ვალდებულებების შესახებაც, ასევე აკრძალვები, მაგალითად, ჰიდროციკლით გადაადგილებაზე. 

მესის კონტრაქტში გამონაკლისად არის ე.წ. "ანტი-დამოუკიდებლობის" პუნქტი და მის თანახმად,  არგენტინელს ბარსას დატოვების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუკი კლუბი მხოლოდ კატალონიური კლუბებისგან შექმნილ ლიგაში გამოვა. ანუ, თუკი ბარსელონა პრიმერაში აღარ ითამაშებს. 

ლეო კატალონიური კლუბის დატოვებაზე შარშან ზაფხულშიც ფიქრობდა

ცოტა ხნის წინ ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლეო მესიმ ბარსელონასგან 4 წლის განმავლობაში 555 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ მესი მისი კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების გამო კლუბის ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ლიონელ მესი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ბარსელონას ღირსებას იცავს და 2003 წლიდან მოყოლებული, მის რიგებში 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ ესპანეთის თასის მფლობელი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები