Thumbnail

'ჩემი აზრი არავის აინტერესებს' - თემურ ქეცბაია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

კვიპროსის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა კარმიოტისა 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, მეორე გოლში კი ბუბა დაუშვილის უდიდესი წვლილია - გოლის ავტორ ნიკოს კალტასს სუპერპასი გაუკეთა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ ისაუბრა და ქართველი სპეციალისტი შედეგით ძალიან კმაყოფილიც იყო. როგორც თემურმა აღნიშნა, მთავარი გამარჯვებაა და ახლა წინ იყურება. "ქეცბამ" კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობაზეც გააკეთა.

თემურ ქეცბაია: "გამარჯვება მინდა ექიმ სირგიუს მივუძღვნა, რომელიც ჩვენგან ცოტა ხნის წინ წავიდა. ეს დიდი დანაკარგია ანორთოსისთვის. ის გუნდს 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, ყოველთვის იყო გუნდთან და მისით ცხოვრობდა. ის ყველას დააკლდა. მას კვიპროსში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვიცნობდი. რაც შეეხება თამაშს, მთავარი გამარჯვებაა, 3 ქულა მოვიპოვეთ და წინ ვიყურებით. ძალიან ბედნიერი ვარ ყველაფრით და რაც უმთავრესია მოვიგეთ. ტრანსფერები? ეს საკითხი დახურულია, ამ თემაზე ახლა აღარ ვისაუბრებ.

რაც შეეხება ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას, ეს კითხვა პასუხისმგებელ პირებს დაუსვით, მე არ ვარ პასუხისმგებელი. როდესაც შენ იტყვი შენს აზრს, მაშინ მეც გეტყვი. ეს ჩემი საქმე არ არის, სხვების საქმეა, მე არავინ მკითხავს და ჩემი აზრი არავის აინტერესებს. იმედი მაქვს, რომ ოქრიაშვილი მზად იქნება, ვარჯიშობს და კარგად არის, მაგრამ მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება თუ არა, ახლა არ ვიცი".

ქვილითაია ანორთოსისის ლიდერი და ბომბარდირია (12 გოლით)

ანორთოსისს 22 ტურის თავზე 42 ქულით მე-3 ადგილი უკავია და უკვე გაინაღდა საჩემპიონო ზონაში თამაში, ლიდერ აპოლონს კი 5 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 6 თებერვალს ლარნაკას აეკ-ს სტუმრად დაუპირისპირდება.

📺 ქვილითაიას გოლი და დაუშვილის საგოლე პასი

კომენტარები

ბოლო ამბები