Thumbnail
  • ანორთოსისი 2:1 კარმიოტისა
  • ქვილითაიას გოლი და დაუშვილის საგოლე პასი

კვიპროსის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა კარმიოტისა 2:1 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელებმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა, ხოლო ბუბა დაუშვილმა საგოლე პასი შეასრულა.

მე-7 წუთზე ქვილითაიამ მცველის უხეში შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კი გოლის გატანა იოლად მოახერხა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში თავი მე-12-ედ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას ნიკოლას დიგუნთან და ბარაკ სადიქთან ერთად იყოფს.

თემურ ქეცბაიას გუნდმა 28-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გაზარდა. გოლი ნიკოს კალტასმა გაიტანა, მაგრამ მას ბუბა დაუშვილმა ფანტასტიკური გადაცემა გაუკეთა და თანაგუნდელისგან დამსახურებული მადლობაც მიიღო. მატჩის მიწურულს გიორგი ლორიას კარში სტუმრებმა პენალტი გაიტანეს, მაგრამ ფამაგუსტელებმა საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს. ცნობისთვის, ლორიამ და დაუშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო ქვილითაია ქეცბაიამ 78-ე წუთზე შეცვალა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მას კვლავ არ უთამაშია, რადგან ტრავმისგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.

ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატში მე-12 გოლს იტანს

"კარგად არ გვითამაშია, განსაკუთრებით დაცვით ფაზაში. ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ეს თამაში დაუყოვნებლივ უნდა დავივიწყოთ და მომდევნოზე ვიფიქროთ. ხარისხიანი გუნდი გვაყვს და მნიშვნელოვანი სტაბილურად თამაში გავაგრძელოთ", - თქვა ლორიამ მატჩის შემდეგ.

ანორთოსისს 22 ტურის თავზე 42 ქულით მე-3 ადგილი უკავია და უკვე გაინაღდა საჩემპიონო ზონაში თამაში, ლიდერ აპოლონს კი 5 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 6 თებერვალს ლარნაკას აეკ-ს სტუმრად დაუპირისპირდება.

📺 ქვილითაიას გოლი და დაუშვილის საგოლე პასი

კომენტარები

ბოლო ამბები