Thumbnail
  • ბაქოში მოვლენები დრამატულად განვითარდა
  • სებადტიან ფეტელმა პირველი ადგილი შეცდომის გამო დაკარგა
  • გალიდერებულ ვალტერი ბოტასს საბურავი “აუფეთქდა”
  • პირველი ადგილი ლუის ჰემილტონს დარჩა
  • ბრიტანელი საერთო ჩათვლაში გალიდერდა და ფეტელს 4 ქულით უსწრებს

დიდი სპექტაკლი ბაქოში! ისევე, როგორც შარშან, აზერბაიჯანის გრანპრი წელსაც ძალიან დაძაბული და დრამატული გამოვიდა. რბოლა მოქმედმა ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა მოიგო - არადა, მისგან ამას აღარავინ ელოდა. სებასტიან ფეტელი მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა! მეორე პოზიცია კიმი რაიკონენმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი, ყველასათვის მოულოდნელად, სერხიო პერესი გავიდა, რომელმაც ფორს ინდიას სენსაციური ქულები მოუტანა.

ჰემილტონმა აზერბაიჯანის გრანპრი დრამატულ ვითარებაში მოიგო და ეს ამ სეზონში მერსედესის პირველი გამარჯვებაა. შედეგად, ჰემილტონი საერთო ჩათვლაში გალიდერდა!

აი, ასეთი ვიწრო მონაკვეთებია ბაქოს ტრასაზე

ჰემილტონმა ვალტერი ბოტასის უიღბლობით და სებასტიან ფეტელის შეცდომით ისარგებლა. ფერარის გერმანელ პილოტს რბოლის მიწურულს პირველ ადგილზე გადასვლა სურდა, ბოტასის გასწრებას ცდილობდა და სარისკო მანევრის შემდეგ, დამუხრუჭებისას შეცდომა დაუშვა, რის გამოც ჰემილტონმაც კი გადაასწრო. შედეგად, ფეტელი საბოლოოდ მე-4 ადგილზე აღმოჩნდა!

ბოტასს საბურავის პრობლემა ფინიშამდე 4 წრით ადრე შეექმნა - მერსედესის ფინელი პილოტი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო! 

“სიტყვები არ მყოფნის, ვალტერი ძალიან მეცოდება. მან მთელი რბოლა შესანიშნავად ჩაატარა და გამარჯვებას იმსახურებდა. სამწუხაროდ, არ გაუმართლა, მე კი გამიმართლა,” - განაცხადა რბოლის შემდეგ ჰემილტონმა.

აზერბაიჯანის გრანპრი წელსაც ძალიან დაძაბული გამოვიდა

“სამწუხაროა, რომ ვალტერიმ რბოლა ვერ დაასრულა. ის მთელი რბოლის განმავლობაში ძალიან მაგრად იბრძოდა და პირველ ადგილზე გასვლას იმსახურებდა. არ გაუმართლა, როცა იმ ნაწილს გადაუარა და საბურავი აუფეთქდა. ჰემილტონის გამო კი გახარებული ვარ - მას ამ სეზონში უკვე ბევრჯერ არ გაუმართლა და ახლა იღბალი დაუბრუნდა,” - ეს მერსედეს-მოტორსპორტის შეფის, ტოტო ვოლფის სიტყვებია.

დანიელ რიკარდო და მაქს ფერსტაპენი ერთმანეთს ებრძოდნენ და რბოლას ავარიის შედეგად, ერთად გამოეთიშნენ

ლუის ჰემილტონისთვის ეს ამ სეზონში პირველი, ზოგადად კი 63-ე გამარჯვებაა. ბრიტანელს ახლა უკვე 70 ქულა აქვს, საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ფეტელს 4 ქულით უსწრებს.

აზერბაიჯანის გრანპრის ვიდეო-მიმოხილვა

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 70

2. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 64

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 48

4. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 40

5. დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) - 37

6. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 28

7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 22

8. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 18

9. სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) - 15

10. კარლოს საინსი (რენო, ესპანეთი) - 13

11. პიერ გასლი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 12

12. კევინ მაგნუსენი (ჰაასი, დანია) - 11

13. შარლ ლეკლერი (ალფა რომეო ზაუბერი, მონაკო) - 8

14. სტოფელ ვანდორდნი (მაკლარენი, ბელგია) - 8

15. ლენს სტროლი (უილიამსი, კანადა) - 4

16. მარკუს ერიქსონი (ალფა რომეო ზაუბერი, შვედეთი) - 2

17. ესტებან ოკონი (ფორს ინდია, საფრანგეთი) - 1

18. ბრენდონ ჰარტლი (ტორო როსო, ახალი ზელანდია) - 1

19. რომენ გროსჟანი (ჰაასი, საფრანგეთი) - 0

20. სერგეი სიროტკინი (უილიამსი, რუსეთი) - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. ფერარი - 114
2. მერსედესი - 110
3. რედ ბული - 55
4. მაკლარენი - 36
5. რენო - 35
6. ფორს ინდია - 16
7. ტორო როსო - 13
8. ჰაასი - 11
9. ალფა რომეო ზაუბერი - 10
10. უილიამსი - 4

 

კომენტარები

ბოლო ამბები