Thumbnail
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყატარში იმართება
  • ტურნირი პანდემიის გამო გადაიდო
  • გუნდები, ფორმატი, კალენდარი - ყველაფერი ამ ტურნირზე

4 თებერვალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იწყება, გამარჯვებული კი 11 თებერვალს დაგეგმილ ფინალში გამოვლინდება. ტურნირის მთავარი გრანდი ამჯერად მიუნხენის ბაიერნია, რომელმაც 2020 წელს ყველაფერი მოიგო.

რომელი გუნდები მონაწილეობენ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 7 კლუბს უნდა ეთამაშა, მაგრამ რაკი ოკლენდ სიტიმ კარანტინის წესების გამო უარი თქვა, ტურნირზე 6 გუნდი დარჩა. 

▶︎ მიუნხენის ბაიერნი (გერმანია, ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)
▶︎ ალ აჰლი (ეგვიპტე, აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)
▶︎ ულსან ჰიუნდაი (სამხრეთ კორეა, აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)
▶︎ ტიგრეს დე მონტერეი (მექსიკა)
▶︎ ალ-დუჰაილი (მასპინძელი ყატარის ჩემპიონი)
▶︎ პალმეირასი (ბრაზილია, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული)

ფორმატი

ალ-დუჰაილსა და ალ აჰლის შორის გამარჯვებული ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, ხოლო ტიგრესსა და ულსანს შორის მოგებული კი, ასევე ნახევარფინალში ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულ პალმეირასს შეხვდება. ანუ, ბაიერნი და პალმეირასი პირდაპირ ნახევარფინალში არიან.

თუ მატჩში 90 წუთის შემდეგ ფრე დაფიქსირდა, დამატებითი ტაიმები ინიშნება და თუ გამარჯვებული მაინც ვერ გამოვლინდა - პენალტების სერია. თუმცა, მეხუთე და მესამე ადგილებისთვის თამაშებში დამატებითი დრო გათვალისწინებული არ არის და ფრის შემთხვევაში პირდაპირ თერთმეტმეტრიანები იქნება.

წელს პირველად იმსაჯებს ქალი არბიტრების გუნდი ბრაზილიელი ედინა ალვეშ ბატისტას ხელმძღვანელობით

ტრადიციულად, ორი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელი მომდევნო მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია - ისევე, როგორც პირდაპირ წითელი ბარათის, ან ყვითელ-წითლის მიღების შემთხვევაში. თუკი კლუბი ტურნირიდან გავარდება, მოთამაშის დისკვალიფიკაცია გუნდის მომდევნო ოფიციალურ მატჩზე გავრცელდება. საინტერესოა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წელს პირველად იმსაჯებს ქალი არბიტრების გუნდი ბრაზილიელი ედინა ალვეშ ბატისტას ხელმძღვანელობით.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: პირველად საერთაშორისო ტურნირზე, კლუბს საშუალება მიეცემა, დამატებით ერთი ფეხბურთელი შეცვალოს, თუკი რომელიმე მოთამაშე ტვინის შერყევას მიიღებს, ან ექიმებს ეჭვი ექნებათ, რომ ტვინის შერყევა აქვს.

კალენდარი

საკლუბი მუნდიალი ტრადიციულად წლის ბოლოს ტარდება ხოლმე, მაგრამ 2020 წელს ტრადიცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაირღვა. 2020 წლის დეკემბრის ნაცვლად, ტურნირი 2021 წლის თებერვლისთვის გადაიდო - იწყება 4 თებერვალს და სრულდება 11 თებერვალს. საკლუბო მუნდიალს ყატარი მასპინძლობს.

📅 4 თებერვალი: ალ-დუჰაილი V ალ აჰლი
📅 4 თებერვალი: ტიგრესი V ულსანი
📅 7 თებერვალი: მატჩი მე-5 ადგილისთვის
📅 7 თებერვალი: პალმეირასი V ტიგრესი/ულსანი
📅 8 თებერვალი: ბაიერნი V ალ-დუჰაილი/ალ აჰლი
📅 11 თებერვალი: მატჩი მე-3 ადგილისთვის
📅 11 თებერვალი: ფინალი

ვინ რამდენჯერ მოიგო

🏆 რეალ მადრიდი (2014, 2016, 2017, 2018)
🏆 ბარსელონა (2009, 2011, 2015)
🏆 კორინთიანსი (2000, 2012)
🏆 ბაიერნი (2013)
🏆 ლივერპული (2019)
🏆 მილანის ინტერი (2010)
🏆 მანჩესტერ იუნაიტედი (2008)
🏆 მილანი (2007)
🏆 ინტერნასიონალ პორტუ ალეგრე (2006)
🏆 სან პაულო (2005)

კომენტარები

ბოლო ამბები