Thumbnail
  • რეალი 81:80 გრან კანარია
  • ქართველმა კალათბურთელმა ბოლო მეოთხედში თითქმის შეუცვლელად ითამაშა

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ რეალს მადრიდში მოულოდნელი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ 80:81 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი საკმაოდ კარგად ითამაშა.

საქმე ის გახლავთ, რომ მიმდინარე სეზონში კანარული კლუბის მთავარი მწვრთნელი პორფირიო ფისაკი ბექას ნაკლებად ენდობა, ამჯერად კი, ქართველი ფორვარდი გადამწყვეტ მეოთხედში ფაქტობრივად შეუცვლელად ათამაშა – ბურჯანაძემ მხოლოდ ოციოდ წამი შეისვენა.

საბოლოოდ, ბექამ მოედანზე 15:54 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ბექამ ყველა ქულა ბოლო ათწუთეულში ჩააგდო და ამით თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გადაუწყვეტელი გახლდათ.

“პირველ რიგში, მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ბოლომდე თამაშში ვიყავით. ბიჭებს ამას ვულოცავ. მიზანთან ძალიან ახლოს გახლდით და ასეთი წაგება ნამდვილად საწყენია. სეზონი გრძელდება და მთავარი მატჩები წინაა. ამ თამაშმა დაგვანახა რის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა.

გრან კანარიას 7 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 თებერვალს, შინ, ბაქსი მანრესასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები