Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა თად მაკფადენმა ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და სან პაბლო ბურგოსს სტუმრად მოპოვებულ გამარჯვებაში დაეხმარა.

ბურგოსელები ბაქსი მანრესას გაეჯიბრნენ და ისე გამოვიდა, რომ თამაშის ბედი უკვე დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს, რადგანაც ამ დროს ტაბლოზე ანგარიში 30:48 გახლდათ დაფიქსირებული.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, 20:39 წუთში 22 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრაზილიელ ვიქტორ ბენიტეს (22) ჩამორჩა. მისი მონაგარი 20 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი იყო.

სან პაბლო ბურგოსმა 15 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ რეალს, ბარსელონას, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესა და თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბ ბასკონიას ჩამორჩება. თადის კლუბი მომდევნო მატჩს 27 თებერვალს სტუმრად სწორედ რეალთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ნოემბრის საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს მაკფადენმა საქართველოს ნაკრების ორივე მატჩში ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.

📺 მანრესა V ბურგოსი

კომენტარები

ბოლო ამბები