Thumbnail

კალაშნიკოვა კარანტინიდან გამოუშვეს - ის მელბურნის ტურნირზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი ძალებს Gippsland Trophy-ზე მოსინჯავს
  • მისი მეწყვილე ესპანელი ხეორხინა გარსია პერესი იქნება

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ კორონავირუსთან დაკავშირებულ კარანტინს თავი დააღწია და მომავალ კვირაში მელბურნში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 442 020 დოლარი დოლარი) ითამაშებს.

ტრადიციულად, კალაშნიკოვა ძალებს კვლავაც მხოლოდ წყვილთა თანრიგში მოსინჯავს. ის ესპანელ ხეორხინა გარსია პერესთან გახლავთ შეამხანაგებული და 2 თებერვალს Gippsland Trophy-ს პირველ წრეში ავსტრალიელებს – ები მიერსსა და ივანა პოპოვიჩს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ იმ ოქსანა იმ 72 ჩოგბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ მკაცრ კარანტინში აღმოჩნდნენ. მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ თვითმფრინავის ერთ-ერთ მგზავრს, რომლითაც ქართველმა ჩოგბურთელმა იფრინა, კორონავირუსი დაუფიქსირდა.

“ძალიან რთული იქნება, ვინაიდან, სხვა მოთამაშეებს უპირატესობა ექნებათ, მათ ვარჯიშისა და მომზადების უფლება აქვთ, ჩვენ კი – არა. ახლა ყველა წილისყრაზე ვართ დამოკიდებული. იქნებ, გაგვიმართლოს და ჩვენსავით დაჩაგრული მოწინააღმდეგე შეგვხვდეს. ამ შემთხვევაში, შანსები თანაბარი იქნება”, - ამბობდა მაშინ კალაშნიკოვა და ცხადია მხედველობაში წლის პირველი სლემ-ტურნირი ჰქონდა.

ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნშივე 8-20 თებერვალს ჩატარდება და უკვე ცხადია, რომ კალაშნიკოვა იქაც ხსენებულ გარსია პერესთან ერთად ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები