Thumbnail

ახალი სკანდალი ბარსელონაში - მესი სასამართლოში ჩივილს აპირებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • El Mundo-ს პუბლიკაციამ არგენტინელი ვარსკვლავის აღშფოთება გამოიწვია
  • კატალონიურ გრანდს თავის მართლება საგანგებო განცხადებაში მოუწია

ლიონელ მესისა და ესპანურ ბარსელონას შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა და შესაძლოა, ამას კატალონიური კლუბისთვის კარგი დასასრული არ უნდა ჰქონდეს. ბოლო ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებს, თუმცა, ყველაფერზე თანმიმდევრულად ვთქვათ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ესპანურმა El Mundo-მ მესის 4-წლიანი კონტრაქტის დეტალები გაახმაურა, რომელსაც 33 წლის ფეხბურთელმა ხელი 2017 წელს მოაწერა. სტატიის სათაური სკანდალური გახლდათ – “კონტრაქტი, რომელმაც ბარსელონა დაანგრია”.

მასში ვკითხულობთ, რომ ლეოს კონტრაქტის თანახმად 555 მილიონი ევრო ერგება. 138 მილიონი სეზონში ფიქსირებულია, პლიუს პრემიალური თანხები. 115 მილიონზე ოდნავ მეტი ბონუსია უბრალოდ ხელშეკრულების გაგრძელებისთვის, თითქმის 78 მილიონი კი – ბონუსი ლოიალობისთვის.

ამ ინფორმაციის გამომზეურება თავად მესიმ ძალიან მტკივნეულად აღიქვა. როგორც Don Balon წერს, არგენტინელი ფორვარდი უბრალოდ განრისხებული იყო იმით, რომ ის ბარსაში ვიღაცამ უბრალოდ “გაყიდა”. “ლეო თვლის, რომ კონტრაქტი უსაფრთხო ადგილას უნდა ყოფილიყო დაცული და მისი დეტალების გახმაურება დანაშაულია, რადგანაც ის კონფიდენციალური გახლავთ”.

კიდევ უფრო შორს წავიდა Marca, რომელიც წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს გეგმავს. როგორც ირკვევა, მესის სამიზნე 3 ადამიანია: ბარსელონას ექს-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ, აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ და კარლეს ტუსკეტსი, გუნდის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ამ დოკუმენტზე ხელი ასევე მიუწვდებოდა.

სიტუაციით ისარგებლა და ლეოს მხარდაჭერა გამოუცხადა ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიკტორ ფონტმა. მან განცხადება ტვიტერის გვერდზე გაავრცელა:

“ლეო მესი ბოლო ევრომდე იმსახურებს ყველაფერს, რასაც კი მას ბარსელონა უხდის. მას კი არ დაუნგრევია კლუბი, არამედ – პირიქით. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. გვინდა, რომ ის ჩვენთან სამუდამოდ დარჩეს”.

მესიმ ბარსელონასთან 4-წლიანი კონტრაქტი 2017 წლის ნოემბერში გააფორმა

ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე ბარსელონაც იძულებული გახდა საგანგებო განცხადება გაეკეთებინა:

“კლუბი წუხს იმ ინფორმაციის გავრცელების გამო, რომელიც ბარსელონასა და ლიონელ მესის შორის გაფორმებულ კონტრაქტს ეხება. ეს კერძო დოკუმენტია, რომელიც მხარეებს შორის კონფიდენციალურობის პრინციპით რეგულირდება. საფეხბურთო კლუბი ბარსელონა აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობას არ ატარებს, El Mundo-სთან მიმართებაში კი, შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს იმ ზიანის გამო, რომელიც ამ ცნობის გახმაურებამ შესაძლოა გამოიწვიოს. ბარსელონა ლიონელ მესის სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ყოველმხრივ შეეწინააღმდეგება მისი იმიჯის დისკრედიტაციის მცდელობას”.

შეგახსენებთ, რომ მესის ბარსელონასთან მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. არგენტინელი ვარსკვლავი ესპანური გრანდის დატოვებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, თუმცა, ბოლოს ბარსაში დარჩა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში მისი მონაგარი 15 გოლი და 6 საგოლე პასია. მესის გადაბირებით ყველაზე სერიოზულად ინგლისური მანჩესტერ სიტი და ფრანგული პსჟ არიან დაინტერესებულნი.

კომენტარები

ბოლო ამბები