Thumbnail

'მათი ფინალი ლოგიკური იქნება' - ლიპარტელიანს ოლიმპიადის ფავორიტად მიიჩნევენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • judoinside.com ვარლამ ლიპარტელიანის შანსებზე
  • ტოკიოს ოლიმპიადის ფავორიტები -100 კგ წონით კატეგორიაში

ცნობილი ნიდერლანდური საიტი judoinside.com ვარლამ ლიპარტელიანზე წერს - "ლიპარტელიანი ბრუნდება, ის საქართველოსთვის მედლის კანდიდატია". ბუნებრივია, სათაურში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალი იგულისხმება, რომელიც ტოკიოში ივლის-აგვისტოში უნდა ჩატარდეს...

ლიპარტელიანი და პალტჩიკი დოჰას პოდიუმზე

"მებრძოლი დაბრუნდა - ვარლამ ლიპარტელიანმა დოჰაში, IJF-ის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის უკვე იქ არის, სადაც ეკუთვნის ადგილი - ოლიმპიადის მედლის კანდიდატებს შორის. მან ხომ წინა ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიგო", - წერს საიტი.

"პირამიდის თავზე ახლა ორნი არიან, ისრაელის წარმომადგენელი პეტერ პალტჩიკი და მისი კუმირი ძიუდოში, ქართველი ვარლამ ლიპარტელიანი. პირველი ევროპის ჩემპიონია, ის დოჰაში მე-3 ადგილზე გავიდა, პალტჩიკს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მეორე კი მსოფლიო ძიუდოს ცოცხალი ლეგენდაა. ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, უამრავი მედლის მომპოვებელი. ძიუდოისტი, რომელსაც ყველა მეტოქე უფრთხის. მათი დაპირისპირება ნელ-ნელა კლასიკად ჩამოყალიბდა, დოჰაში ლიპარტელიანმა მოიგო, პარიზში პალტჩიკმა. მათი დაპირისპირება მუდამ დაძაბულია და ძნელია გამოიცნო, რომელი ათლეტი იმარჯვებს. ოლიმპიური ფინალი ამ ორს შორის, ლოგიკურია, მაგრამ ძიუდო ხომ ზუსტი მეცნიერება არ არის.

ამ წონაში (100 კგ) ოლიმპიური ოქროსთვის აუცილებლად იბრძოლებს მსოფლიოს პორტუგალიელი ჩემპიონი ჟორჟე ფონსეკა, კორეელი ჩო გუჰამი, ნიდერლანდელი მიხაელ კორელი და რუსი ნიაზ ილიასოვი. ასევე იაპონელი აარონ ვოლფი და ფრანგი ალეკსანდრ იდირი. 

არასოდეს არ ჩამოწეროთ გამოცდილი ათლეტები, მით უფრო, რომ ლიპარტელიანი არსადაც არ წასულა. გამოცდილ სპორტსმენებს ერთი საოცარი თვისება აქვთ, როცა ძალიან საჭიროა, ისინი ბრწყინვალედ ასპარეზობენ. დაველოდოთ ივლისს", - წერს judoinside.com. 

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანი თავის წონაში მსოფლიოში ნომერ პირველია რეიტინგით - მას 6 848 ქულა აქვს და პალტჩიკს მცირედით უსწრებს, ისრაელის წარმომადგენელს 6 147 ქულა აქვს. ლიპარტელიანი 31 წლისაა, პალტჩიკი 29-ის. 

კომენტარები

ბოლო ამბები