Thumbnail

‘მესი უნდა გაეყიდათ!’ - რივალდომ ბარსელონას შეცდომებზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რივალდოს მიაჩნია, რომ ბარსელონას ლეო მესი არ უნდა შეენარჩუნებინა
  • ბრაზილიელმა კატალონიელთა ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა

ბარსელონას ყოფილ ვარსკვლავს, ბრაზილიელ რივალდოს მიაჩნია, რომ კატალონიურ გრანდს ლიონელ მესი ზაფხულში უნდა გაეყიდა. მისი აზრით, ბარსამ მესის შენარჩუნებით შეცდომა დაუშვა.

“ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ბარსელონას ის ზაფხულში უნდა გაეყიდა. ბარსას არც კორონავირუსის პანდემიამდე ჰქონდა კარგი ფინანსური მდგომარეობა, 2020 წელს კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ახლა ისე გამოდის, რომ მესის გაშვება ფაქტობრივად გარდაუვალია და ბარსელონასთვის ესეც არ იქნება საკმარისი - კიდევ რამდენიმე ვარსკვლავთან მოუწევს განშორება. ბარსას ხელმძღვანელებმა შეცდომა დაუშვეს, როცა მესი არ გაყიდეს. ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც მადრიდის რეალი  მოიქცა კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფეხბურთელი ბარსას უფასოდ დატოვებს - თანაც იმ დრო, როცა კლუბს მილიარდზე მეტი ვალი აქვს, - განაცხადა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ რამდენიმე დღის წინ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანური გრანდი დიდ ვალებშია. ბარსას ვალი 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს, აქედან მოკლევადიანი ვალების ოდენობამ 730 მილიონ ევროს მიაღწია. კლუბი ყველაზე მეტს სახელფასო ფონდში ხარჯავს, ეს დაახლოებით კლუბის შემოსავლების 74%-ია.

კლუბმა შემოდგომით ხარჯები შეამცირა - მომდევნო სამ სეზონში ჯამში 122 მილიონი ევროთი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სახელფასო ფონდში მას სულ მცირე, 500 მილიონი ევროს გადახდა მაინც მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები