Thumbnail

დინამო თბილისმა უკრაინულ გუნდთან გამარჯვება ბოლო წამზე დაკარგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო თბილისი 1:1 კოლოსი (უკრაინა)
  • გოლები: 1:0 სპორკსლეიდი (18), 1:1 ორეხოვსკი (90)
  • დინამო თბილისმა თურქეთში მე-3 სპარინგი ჩაატარა

საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი თურქეთში შეკრებაზე ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებს. გიორგი ნემსაძის გუნდმა მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე მე-3 სპარინგი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ კოლოსის წინააღმდეგ გამართა და გამარჯვება ხელიდან ბოლო წამზე გაუშვა.

მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს. მე-18 წუთზე დინამოელთა კარგმა პრესინგმა შედეგი გამოიღო - მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვეს, შეტევა ზორან მარუშიჩმა გააგრძელა და ნიდერლანდელი ფაბიან სპორკსლეიდი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. აიაქსის აკადემიაში აღზრდილი მცველისთვის ეს სადებიუტო გოლია დინამოს რიგებში.

ნემსაძის გუნდი ანგარიშის შენარჩუნებას დიდხანს ახერხებდა. მსაჯის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე კი გამარჯვება დაკარგა, რადგან პავლო ორეხოვსკიმ თავისივე მოპოვებული ჯარიმა ძალიან მაგრად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა გოლის შემდეგ თამაში აღარ განაახლა და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, დინამომ გამარჯვება ბოლო წამზე დაკარგა.

ეს დინამოს მესამე სპარინგი იყო თურქულ შეკრებაზე. წინა შემთხვევებში საქართველოს ჩემპიონი სერბულ გუნდებს გაეჯიბრა, ჯერ რადნიკთან 0:1 წააგო და მერე იმავე ანგარიშით ნაპრედაკს აჯობა. ნემსაძის გუნდი მომდევნო ამხანაგურ თამაშს 1 თებერვალს, კიევის დინამოსთან გამართავს.

დინამო თბილისი 1:1 კოლოსი

გოლები: 1:0 სპორკსლეიდი (18), 1:1 ორეხოვსკი (90)

დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობა: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, კობოური, სპორკსლეიდი, პაპავა, ქარდავა, მექვაბიშვილი, წოწონავა, მარუშიჩი, გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები