Thumbnail
  • ქართველი ძალოსნების ისტორიული შედეგი
  • 7 მედალი: 5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი

ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების აქტივში 5 ოქროს მედალი, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა. ჩემპიონატის მთავარი გმირი ლაშა ტალახაძეა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯამში 477 კილო დაძლია. ანაჰაიმში საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს დავუკავშირდით, რომელმაც ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლა და მთლიანად, ქართული გუნდის შედეგები შეაფასა.

POPSPORT: გილოცავთ ქართველი ძალოსნების წარმატებულ ასპარეზობას. პირველ რიგში, ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლა შევაფასოთ...

ასანიძე: დიდი მადლობა. ვგრძნობთ ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერას და ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რა თქმა უნდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ლაშა დაიცავდა ტიტულს. მსოფლიოს ჩემპიონატს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა და შესაბამისად, გვქონდა ოპტიმიზმის საფუძველი. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ლაშამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არ ჩაითვალა. საბედნიეროდ, ანალოგიური შედეგი აჩვენა ანაჰაიმში და დაამტკიცა, რომ ის უძლიერესი სპორტსმენია.

გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე

არ გვეგონა, თუ ასეთი ფორით აჯობებდა კონკურენტებს, თუმცა გამარჯვების იმედი და მოლოდინი ნამდვილად გვქონდა. ტალახაძის გამაჯვებამ ძალიან გაგვახარა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიხარული მთელმა საქართველომ გაიზიარა. ვფიქრობ, ასეთ დიდი სიხარული ოლიმპიადაზე გამარჯვებასაც კი არ გამოუწვევია.

POPSPORT: ყოველთვის, როდესაც ლაშა რეკორდს ამყარებს, რჩება შთაბეჭდილება რომ მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია. სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი?

ასანიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ მოვუმატებთ და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. კონკრეტულ წონას ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტია, რომ ლაშას უფრო მეტი შეუძლია. ჩვენ კონკრეტული მიზნები გვაქვს, ნაბიჯნაბიჯ ვუმატებთ და ეს პროგრესი გაგრძელდება. ლაშა უდიდესი ტალანტია, უზომოდ შრომისმოყვარეა და დარწმუნებული იყავით, რომ არაერთხელ გაახარებს ქართველ გულშემატკივარს.

ვფიქრობ, ასეთი დიდი სიხარული ოლიმპიადაზე გამარჯვებასაც კი არ გამოუწვევია

POPSPORT: საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა. კმაყოფილი ხართ შედეგით?

ასანიძე: ბოლო მომენტში, ნაკრებს ორი სპორტსმენი დავამატე: შოთა მიშველიძე და რეზი დავითაძე. მიშველიძემ გადააჭარბა მოლოდინს და მას დიდი მადლობა ეკუთვნის. მინდა შევეხო რეზი დავითაძის გამოსვლას, რომელიც ასევე ახალბედა სპორტსმენია ეროვნულ ნაკრებში და მე-5 ადგილი ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, თუმცა მას შეეძლო ბრძოლა მედლისთვისაც. რაც მთავარია, რეზის მომავალი წინ აქვს და ის არაერთხელ ასახელებს ჩვენ ქვეყანას.

რა თქმა უნდა, ძალიან გაგვახარა ანასტასია გოტფრიდის წარმატებამ. მით უმეტეს, საქართველო არ არის განებივრებული ქალი სპორტსმენების ასეთი გამარჯვებებით. ისტორიული ფაქტია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დავიკავეთ. ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო ფაქტია. ეს წარმატება დასტურია იმის, რომ საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია წარმატებით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფედერაციის მესვეურებს კახი კახიაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე სამწვრთნელო შტაბს, სამედიცინო პერსონალს, ოლიმპიურ კომიტეტს და რა თქმა უნდა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ჩვენი დაფინანსების ძირითადი წყაროა.

კონკრეტულ წონას ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტია, რომ ლაშას უფრო მეტი შეუძლია 

POPSPORT: ბოლოს, ირანელ სპორტსმენზე ბეჰდად სალიმ კორდასიაბიზე გკითხავთ, რომელმაც მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა. ლაშა ტალახაძის მიმართ ხომ არ ჰქონდა პრეტენზია?

ასანიძე: ირანელს წონა არ ჩაუთვალეს, რამაც მისი დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა რომც ჩაეთვალათ, ის ვერ შემოდიოდა ჩვენთან კონკურენციაში და მისი მაქსიმუმი ვერცხლის მედალი იყო. ეს თვითონ ირანელმაც კარგად იცოდა. ბეჰდადი არასპორტულად მოიქცა, თუმცა ლაშას მიმართ მას არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა და გამარჯვება გულით მიულოცა.

ექსკლუზიური ინტერვიუ შოთა მიშველიძესთან: ქართველი ვარ და ეს ყველას უნდა დაენახა! 

კომენტარები

ბოლო ამბები