Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა ნიუ ორლეანსთან სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო
  • მომდევნო მატჩში უორიორსს შეიძლება სტეფ კარი დაუბრუნდეს

ეს იყო NBA-ს მოქმედი ჩემპიონის ძალის დემონსტრირება! გოლდენ სტეიტმა ნიუ ორლეანსი მეოთხედფინალური სერიის პირველივე მატჩში სოლიდურად, 123:101 დაამარცხა. პელიკანსი სუსტი მეტოქე ნამდვილად არ არის, რაც ამ გუნდმა პორტლენდის 4:0 განადგურებით დაამტკიცა, მაგრამ ნიუ ორლეანსი გოლდენ სტეიტთან (ყოველ შემთხვევაში პირველი დუელის შემდეგ) უშანსოდ ჩანს.

თუკი პირველ მეოთხედში თანაბარი თამაში იყო (35:34), მეორე პერიოდში პელიკანსი აშკარად განადგურდა. ჩემპიონმა მეორე მეოთხედი 41:21 მოიგო და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი უპირატესობით გავიდა. უორიორსი მესამე პერიოდშიც გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, რის გამოც მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყდა - ნიუ ორლეანსი უშანსოდ იყო.

კევინ დურანტი,სტივ კერი და ანდრე იგუდალა

გოლდენ სტეიტიდან საუკეთესო კლეი ტომპსონი გახლდათ, რომელმაც 27 ქულა მოიპოვა. კევინ დურანტმა 26 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა. დრეიმონდ გრინმა კი სულაც სამმაგი დუბლის გაკეთება შეძლო - 16 ქულა, 15 მოხსნა, 11 პასი. პლეი ოფში მისთვის ეს კარიერის მე-4 სამმაგი დუბლია!

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: გოლდენ სტეიტის ქართველი ცენტრი ამჯერადაც სათადარიგო გახლდათ. პელიკანსიდან საუკეთესო მსროლელი ენტონი დევისი გახლდათ, რომლის ანგარიშზე 21 ქულა და 10 მოხსნაა.

ზაზა ფაჩულია და მისი თანაგუნდელები ნიუ ორლეანსთან პირველ გამარჯვებას ზეიმობენ

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნიუ ორლეანსი მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. უკვე მომდევნო შეხვედრაში პელიკანსს უფრო რთული მატჩი ელოდება, რადგან დიდი შანსია, რომ გოლდენ სტეიტს სტეფ კარი დაუბრუნდეს. უორიორსის სუპერვარსკვლავი 23 მარტის შემდეგ ტრავმირებულია და როგორც ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, კარი, დიდი ალბათობით, სწორედ მომდევნო შეხვედრაში დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები