Thumbnail

ევროლიგის რეგულარული სეზონის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიამ ბერლინის ალბასთან მოგებულ მატჩში 20 ქულა ჩააგდო, რაც ევროლიგაზე ამ სეზონში ქართველი ფორვარდის საუკეთესო მაჩვენებელია. Eurohoops-მა ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც თორნიკეც მოხვდა.

გამოცემამ ტურის MVP-დ მიუნხენის ბაიერნის მოთამაშე ნიკ ვეილერ-ბები დაასახელა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ხიმკისთან მატჩში 38 იყო. Eurohoops-ის ხუთეული ასე გამოიყურება: ნორის კოული (ვილერბანი), ნიკ ვეილერ-ბები (ბაიერნი), კევინ პანტერი (ოლიმპიაკოსი), თორნიკე შენგელია (ცსკა), იან ვესელი (ფენერბაჰჩე). 

"ცსკა-ს ბერლინის ალბასთან მატჩში აკლდა ჩვეული ლიდერი მაიკ ჯეიმსი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, ვილ კლაიბერნი კი ტრავმირებული იყო. ვინმეს თავის თავზე უნდა აეღო ლიდერობა და ეს შენგელიამ გააკეთა. 
მცირექულიან თამაშში თორნიკეს 20 ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ასე რომ, დიდწილად, ქართველმა ფორვარდმა გუნდის გამარჯვება განაპირობა. მნიშვნელოვანი იყო ბოლო წამებზე შესრულებული საჯარიმოები, როცა მისი გუნდი მხოლოდ ქულით იგებდა".

📺 ალბა v ცსკა [მიმოხილვა]

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში თორნიკე Eurohoops-ის ტურის ხუთეულში პირველად მოხვდა. ტურის მწვრთნელად კი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი დასახელდა, რომლის ფენერბაჰჩემაც მაქაბი 82:75 დაამარცხა. "ფენერს 7 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და გუნდი, რომელიც აქამდე არაფერს ჰგავდა თითქმის უნაკლო და ჰარმონიულ კალათბურთს თამაშობს", - წერს გამოცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები