Thumbnail

საქართველო-რუსეთს რუმინელები განსჯიან - რაგბი ევროპის მოულოდნელი გადაწყვეტილება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რაგბი ევროპამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მატჩამდე ათიოდ დღით ადრე, ფრანგული მსაჯთა ბრიგადა რუმინულით შეცვალა.

ამ ინფორმაციას რუმინეთის რაგბის კავშირი ავრცელებს, რომელიც მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა კი, ახალი არბიტრების ვინაობას კი ასახელებს. ქართულ-რუსული დაპირისპირების მთავარი მსაჯი ალეკსანდრუ იონესკუ იქნება, რომელსაც კრისტიან სერბანი და რადუ პეტრესკუ დაეხმარებიან. იქვეა იონესკუს კომენტარიც:

“გასული წლის ნოემბერში პირველი საერთაშორისო მატჩი ვიმსაჯე პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის. ვფიქრობ, ჩემი ახალი დანიშვნა სწორედ მაშინ გაწეულმა შრომამ გამოიწვია. ეს ნიშნავს, რომ ევროპული და მსოფლიო სარაგბო საზოგადოება რუმინელ არბიტრებს ენდობა. ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა. დარწმუნებული ვარ, ორ ძლიერ ნაკრებს შორის საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ, ჩვენთვის კი კიდევ ერთი შანსია რუმინული სამსაჯო დონის წარმოჩინება მოვახერხოთ”.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით თბილისში დაგეგმილ მატჩზე ფრანგების ბრიგადა იყო მოვლინებული. მთავარი არბიტრი 51 წლის პიერ ბრუსე უნდა ყოფილიყო, რომელსაც სებასტიან მაინერი და კრისტოფ ბატსი უნდა დახმარებოდნენ. საინტერესოა, რომ ბრუსე საფრანგეთის TOP 14-ისა და PRO D2-ის და ევროტურნირების თამაშებზე არაერთხელ გვიხილავს, პრინციპულ მატჩზე გამოუცდელი რუმინელი რეფერის გამოგზავნა კი გაუგებარ ნაბიჯად მოსჩანს.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

მომავალი მატჩი კვირას, 7 თებერვალს არის დაგეგმილი და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. სხვათა შორის, საქართველოს რაგბის კავშირს ჯერაც არ დაუსახელებია სტადიონი, სადაც მატჩი უნდა ჩატარდეს, თუმცა, რაგბი ევროპამ ოფიციალურ გვერდზე უკვე დაწერა, რომ რუსებთან დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები