Thumbnail

აბურჯანია ოვიედოს ტოვებს, მაგრამ ესპანეთში რჩება - გიორგის ახალი ვარიანტი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი აბურჯანიას ოვიედოში შანსი თითქმის არ მიუღია
  • 26 წლის ქართველ ფეხბურთელს წინადადებები არ აკლია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას, დიდი ალბათობით, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კარტახენაში გააგრძელებს. Onda Cero-ს ცნობით, ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია და ქართველი ახალ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდება.

კარტახენა ლა ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის და ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. გიორგი კი კარგი ვარიანტია - ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ოვიედოში ყოფნით უკმაყოფილოა, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. აბურჯანიამ ოვიედოში მიმდინარე სეზონში სულ რაღაც 4-ჯერ ითამაშა, აქედან მხოლოდ 2-ჯერ ლა ლიგა 2-ში (ჯამში 83 წუთი 22 ტურში). როგორც ესპანური მედია წერს, გიორგის ტრანსფერი მალე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "აბუს" კარტახენას გარდა სხვა ვარიანტებიც აქვს და მათ შორის, ესპანეთს მიღმა. თუმცა, ესპანელები ტრანსფერზე უკვე გადაწყვეტილად წერენ - კლუბები შეთანხმებულნი არიან.

26 წლის ქართველი ფეხბურთელი ოვიედომდე ენსხედეს ტვენტეს, ლუგოს, სევილია 2-ის, ხიმნასტიკის, ანორთოსისის, თბილისის ლოკომოტივის, გორის დილასა და რუსთავის მეტალურგის ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 19-ჯერ უთამაშია, გოლი კი არ გაუტანია.

კარტახენა მიმდინარე სეზონში საკმაოდ წარუმატებლად თამაშობს და ლა ლიგა 2-ში 22 ტურის თავზე 20 ქულით სარაგოსასთან და ალკორკონთან ერთად სატურნირო ცხრილის უკანასკნელ სამ პოზიციას იყოფს. აღსანიშნავია, რომ ლუის კარიონის გუნდს 5 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, როდესაც სტუმრად მალაგა 2:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები