Thumbnail

მატჩი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან - საქართველო რუსეთს თბილისში დაუხვდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპირველობის საკვალიფიკაციო თამაშისთვის ემზადება
  • კვირის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ლეგიონერებიც შეუერთდებიან

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ რუსეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ამ დროისთვის ჩვენი გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი – ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთთან:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი).

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი, თეიმურაზ ექიზაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვ, ლატვია), ბინიო (ოსასუნა, ესპანეთი), შაგინია (ბეტისი, ესპანეთი), ელისანდრო (სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. 2 თებერვალს, 18:00 საათიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გეგმავს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს, ფრედ 4:4 დასრულდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი:

2 თებერვალი: საქართველო - რუსეთი

5 მარტი: საქართველო - სომხეთი

10 მარტი: სომხეთი - საქართველო

9 აპრილი: საქართველო - საფრანგეთი

12 აპრილი: რუსეთი – საქართველო

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს, ამ 15 ნაკრებს კი მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.

📺 საფრანგეთი 4:4 საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები