Thumbnail

ოქრიაშვილს კვიპროსსა და თურქეთში იწვევენ, ქეცბაია ტრანსფერზე თანახმაა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თორნიკე ოქრიაშვილის თემა კვიპროსში აქტუალურია
  • საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევმა შეიძლება ანორთოსისი დატოვოს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ანორთოსისი დატოვოს. კვიპროსული მედია ამის შესახებ ბოლო დროს აქტიურად წერს.

Larnaka Sports-ის ინფორმაციით, თორნიკეს წინადადება თურქულ გუნდებისგან აქვს, მაგრამ კლუბების სახელები არ კონკრეტდება. როგორც ჩანს, თემურ ქეცბაია და ანორთოსისის ხელმძღვანელები მზად არიან, თორნიკე გაუშვან, რადგან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ახლა ტრანსფერისგან ფინანსური სარგებლის მიღების ბოლო შანსია.

ოქრიაშვილისთვის ეს სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმის გამო უკვე 2 თვე გაუცდა

ამავდროულად, Kerkida-ს ცნობით, ოქრიაშვილით სერიოზულ ინტერესს ნიქოზიის ომონიაც იჩენს და ანორთოსისს ბერძენ ნახევარმცველ ხარალამბოსს მავრიასთან ბარტერიც შესთავაზა. თუმცა, ამ ტრანსფერის შანსი არც ისე მაღალია, რადგან სანაცვლოდ ფამაგუსტელებმა ნიქოზიელთა ფრანგი ფეხბურთელი ერიკ ბოტეაკი მოითხოვეს და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიუხედავად ამისა, წყაროს ვარაუდით, ჯერ გამორიცხული არაფერია და შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.

კვიპროსული მედიის ცნობით, სწორედ ეს ნაბიჯი ცხადყოფს, რომ ქეცბაია აბსოლუტურად დადებითად აფასებს ოქრიაშვილის გუნდიდან შესაძლო წასვლას. Larnaka Sports წერს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ხშირი ტრავმების, მაღალი ხელფასისა და კონტრაქტის განახლებაზე ნიადაგის არარსებობის გამო, ანორთოსისში მის გაყიდვაზე თანახმა არიან.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ანორთოსისში 9 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, თუმცა ნოემბრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. თორნიკე ანორთოსისში 2019 წლიდან თამაშობს (26 თამაში, 8 გოლი), ხოლო მანამდე კრასნოდარის, ეშკიშეჰირსპორის, გენკის, ჩერნომორეცის, მარიუპოლისა და გაგრას ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრებში ოქრიაშვილის ანგარიშზე 44 მატჩი და 12 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები